მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბათუმის გარკვეულ უბნებში მიმდინარე წელს შესაძლოა, განაშენიანება შეიზღუდოს

61f41a49227e6
დავით ჯალაღონია
28.01.22 22:50
1331
ბათუმში, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მუნიციპალიტეტის მერიასთან შეთანხმებით, ქალაქის სხვადასხვა არეალში მშენებლობასთან დაკავშირებით შესაძლოა, დროებითი შეზღუდვები ამოქმედდეს.

როგორც BMG-ს ქალაქის გენგეგმაზე მომუშავე ორგანიზაციის "სითი ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელმა მამუკა სალუქვაძემ განუცხადა, განაშენიანებაზე შეზღუდვების შემოღების მიზნით, ახლა სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რასაც რამდენიმე თვე დასჭირდება.

"ახლა არის კვლევის ეტაპი, რაც პრაქტიკულად პრე-ეტაპია. 31 იანვარს უნდა ჩავაბაროთ ეს ნაწილი. გარკვეული შენიშვნები მივიღეთ (მერიისგან) და მისი შესწორებული ვერსია უნდა ჩავაბაროთ, რის შემდეგაც, ძალიან მალე, შეზღუდვების თემა დაიწყება. უნდა მოვნიშნოთ ის ტერიტორიები, რომლებიც შეზღუდვებთან იქნება დაკავშირებული.

შეზღუდვები განაშენიანებასთან იქნება დაკავშირებული. დავადგენთ, სად არის გადამეტებები (განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის) და ამას გავაჟღერებთ კვლევის ერთი ნაწილის მიღება-ჩაბარების შემდეგ. ვიტყვით, სად არის კანონმდებლობით შეზღუდვები დასაწესებელი. აგრეთვე, ჩვენი გარკვეული მოსაზრებები იქნება წარმოდგენილი ქალაქგეგმარებითი კუთხით - სად შეიძლება, ახლა დროებით შეიზღუდოს გარკვეული ნებართვების გაცემა. ეს წინადადებები იქნება წარდგენილი და მერიასთან ერთად გავივლით", - განმარტა მამუკა სალუქვაძემ და დასძინა, რომ გადაწყვეტილებები განაშენიანებასთან დაკავშირებით გენგეგმის დამტკიცებამდე იქნება მიღებული, რაც სავარაუდოდ, მიმდინარე წელს მოხდება.

"რა თქმა უნდა, დამტკიცებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ეს შეზღუდვები შემდგომშიც შენარჩუნდეს, თუ ჩვენ ვსაუბრობთ არა დროებით ზომებზე, არამედ იმაზე, რაც უნდა არსებობდეს შემდგომ პერიოდში. გენგეგმა ხომ ისეთი დოკუმენტია, რომელიც შეზღუდვებს აწესებს და ასევე ამბობს, სად შეიძლება განვითარება. იქ მოცემული იქნება ტერიტორიები, სადაც ალბათ საერთოდ აღარ მოხდება მშენებლობის განვითარება, ან ჩანაწერი იქნება, თუ რა სახით შეიძლება განვითარება, ყოველ შემთხვევაში, ისე არა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა", - აღნიშნა მან.

ამასთან, სალუქვაძემ დააკონკრეტა, რომ მოსალოდნელი რეგულაციები განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტებსაც შეეხება.

"ვნახოთ, რა და როდიდან ამოქმედდება. ჩვენი მოსაზრებები მერიას გადაეცემა და ეცოდინება, რომ გარკვეულ ტერიტორიებზე მშენებლობების განხორციელება კანონმდებლობასთან შეუსაბამო იქნება", - განმარტა მამუკა სალუქვაძემ.

"სითი ინსტიტუტი - საქართველო" ახლო მომავალში, ბათუმის ეკონომიკური განვითარების საკითხებზეც დაიწყებს მუშაობას.

"ორთვიანი სამუშაო დაიწყება. ეს არის ქალაქის ფუნქციის დივერსიფიკაციის კვლევა ანუ პრაქტიკულად - ეკონომიკური კვლევა, რაც მოიცავს ტურიზმისა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ ყველა სხვა საკითხს, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი ეკონომიკური თვალსაზრისით, რა მდგომარეობაა ამჟამად და ა.შ", - განაცხადა "სითი ინსტიტუტი - საქართველოს" ხელმძღვანელმა.

რაც შეეხება გენგეგმის მომზადების, დამტკიცების პროცედურებსა და ვადებს, როგორც მამუკა სალუქვაძე განმარტავს, კვლევითი და წინამოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჯერი კონცეფციაზეა, რომელიც ქალაქის განვითარების მთავარი შინაარსობრივი დოკუმენტი იქნება.

"კონცეფციის დამტკიცება ჯერ ცოტა პრობლემატურად მეჩვენება და ჯერჯერობით, ადრეა. მოგეხსენებათ, საკრებულოსთან დაკავშირებით პრობლემებია, ვერ იკრიბება და ამ დოკუმენტაციას სწორედ საკრებულო სჭირდება. იმედია, იქამდე შეიკრიბება. ეს ალბათ 4-5 თვის მერე უნდა მოხდეს. მანამდე, 2-3 თვეში ეს კვლევითი სამუშაოები მორჩება.

საერთო ჯამში, დოკუმენტზე მუშაობა 2023 წლის აპრილამდე გაგრძელდება და შემდეგ, ერთი წელი მაინც, ჩვენთან ხელშეკრულება გრძელდება. ამ პერიოდში დავაკვირდებით, კორექტირება თუ დასჭირდება გენგეგმას და ზოგადად, როგორ იმუშავებს ის", - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ "სითი ინსტიტუტმა" ბათუმის გენერალურ გეგმაზე მუშაობა 2021 წლის 16 აგვისტოს დაიწყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები