02.დეკემბერი .2022 19:15

„ბათუმის ტერმინალს კოლაფსი აქვს... ₾300 000-მდე ჯარიმა გვერიცხება“ - ავტოიმპორტიორების პრობლემა

„ბათუმის ტერმინალს კოლაფსი აქვს... ₾300 000-მდე ჯარიმა გვერიცხება“ - ავტოიმპორტიორების პრობლემა
views 3872
უკან

ბათუმის პორტში ძალიან ბევრი ტვირთია შესული, რის გამოც კონტეინერები ვერ იხსნება და ავტოიმპორტიორებს ტერმინალში კონტეინერების დაყოვნების გამო, ყოველდღიურად ჯარიმები ეწერებათ. პრობლემის შესახებ BM.GE-ს  ავტოიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები უყვებიან. 

„ტერმინალს კოლაფსი აქვს“, - ამბობს „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორი ალექსანდრე ვეკუა. მისი ინფორმაციით, დღეს, ბათუმის პორტის საკონტეინერო ტერმინალში შესული ტვირთების სიჭარბის გამო მათი მომსახურება ვერ ხდება და კონტეინერის დაყოვნების გამო, ჯარიმები ავტოიმპორტიორებს ერიცხებათ.

„მოხდა ისე, რომ რამდენიმე საზღვაო ხაზმა გადაწყვიტა ჭარბი რაოდენობის ტვირთი გაეგზავნა ბათუმის ტერმინალისკენ, ფოთში ორჯერ დიდი ტერმინალია და ამდენი ტვირთი იქ არ შედის  ტვირთბრუნვები გაიზარდა, თუმცა მათი სწორად გადანაწილება არ ხდება. ბათუმს კი ფიზიკურად ამის გატარება არ შეუძლია. გემის შემოსვლიდან კონტეინერის გამოტანამდე პერიოდი, დაახლოებით, ერთი კვირიდან 25 დღემდეა გაზრდილი. ბათუმის პორტის მენეჯმენტი კონტეინერების ფოთის პორტში გადატანას და იქ გახსნას გვთავაზობს“, - გვიყვება ალექსანდრე ვეკუა.

მისი თქმით, დღეს „კავკასიის ავტო იმპორტს“ შექმნილი ვითარების გამო, 300 000 ლარის ჯარიმა ერიცხება და ეს თანხა მზარდია.

„მარტო ჩვენ, ბათუმის პორტში ამ დროისთვის 957 კონტეინერი გვაქვს; ეს რომ მანქანებში გადავიყვანოთ, 4 000 მანქანაა. 14 დღის შემდეგ საზღვაო ხაზების დღიური ჯარიმა საკმაოდ სოლიდურია და 4 000 ლარს შეადგენს. ამასთან, ბათუმის პორტისთვისაც გადახდა გვიწევს, რაც შედარებით ნაკლები თანხაა და ჯამში, 6 000 ლარია. კონტეინერების ნახევარზე მეტი ამ ეტაპისთვის ფოთში გადაგვაქვს. დანარჩენების გადატანას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ, რადგან კონტეინერები ერთმანეთზე რომ ალაგია, ვერ გამოგვაქვს და გვიწევს ჯარიმების გადახდა. კომპანიას როგორც ფინანსური, ასევე რეპუტაციული ზარალი ადგება. ამ დროისთვის, დაახლოებით, 300 000 ლარის ჯარიმა გვაქვს და ეს თანხა ალბათ კიდევ გაიზრდება“, - ამბობს ვეკუა.

იგივე პრობლემაზე საუბრობს BMG-სთან კიდევ ერთი კომპანიის წარმომადგენელი, რომლის თქმით, დღეისთვის, ბათუმის ტერმინალში ტვირთების მოცულობის ზრდის გამო, კომპანიის 55 კონტეინერია გაჩერებული და ჯარიმებს კომპანიას აწერენ.

„10-14 დღეა, ეს მდგომარეობაა. როგორც წესი, ერთი კვირა კონტეინერები ტერმინალში უფასოდ დგას, თუმცა ამ დროის შემდეგ დაყოვნების ჯარიმის დღიური მოცულობა, დაახლოებით, 45 დოლარია. ამ წუთისთვის ადგილზე ჩვენი 55 კონტეინერია. ბათუმის ტერმინალში გვეუბნებიან, რომ გაზრდილ ტვირთნაკადს ვერ მოერივნენ, რადგან იმხელა ვალდებულება აიღეს, რომ ვეღარ ემსახურებიან. ამ დროისთვის, 3 700 კონტეინერი ერთმანეთზე დალაგებულია და ვერ ხსნიან. ახლა გვეუბნებიან, რომ შეგვიძლია კონტეინერები ფოთში გადავიტანოთ და იქ გავხსნათ, თუმცა ვფიქრობთ, ამ პრობლემის გადაჭრა ტერმინალის ადმინისტრაციას კონტეინერებით დატვირთული გემის ფოთის ტერმინალში გადამისამართებით შეეძლო, რისთვისაც რესურსი თავად უნდა დაეხარჯათ, მაგრამ ეს არ გაუკეთებიათ", - გვიყვება ავტოიმპორტიორი, რომელმაც ვინაობის საჯაროდ გამხელა არ ისურვა, მაგრამ აღნიშნა. რომ ეს კომპანიისთვის დიდ ფინანსური ზარალია და ამით მომხმარებელიც ზარალდება.

"იმისთვის, რომ დაგვიანების ვადები შეგვემცირებინა, კონტეინერების ფოთის პორტში გადატანა დავიწყეთ, რაც დამატებით ხარჯებს უკავშირდება. ერთი კონტეინერის გადატანა, დაახლოებით, 450 დოლარი ჯდება. მეორე მხარე ის არის, რომ დაგვიანების გამო, მომხმარებელი ზარალდება და ამასთან, მანქანის დაზიანების რისკი უფრო მაღალია, თუმცა თუ კონტეინერებს არ გამოვიტანთ, ისინი ახალი ტვირთების ქვეშ მოექცევა და კონტეინერებში ჩვენი საქონლის გადმოტვირთვის ვადები კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა ავტოიმპორტიორმა.

BMG ცდილობს, დაუკავშირდეს ბათუმის პორტის მენეჯმენტს და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ. 

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა