2023 წელს პარლამენტს სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტი წარედგინება. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან შესაბამისი კანონპროექტის ინიცირებაზე მას შემდეგ დაიწყო საუბარი, რაც „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ მონაწილე კლინიკების დაფინანსების ახალ სისტემაზე გადასვლის შემდეგ ექიმების ნაწილი არსებული ტარიფების პირობებში უხარისხო სახარჯი მასალების შესახებ ალაპარაკდნენ. ექიმი-ტრამვატოლოგები ამბობენ, რომ DRG-ის ფარგლებში დადგენილი ტარიფები ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის შესაძლებლობას არ აძლევთ.
„DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება... მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ “ნაგავი” 80-120 ლარად და მორჩა. შესაბამისად, მე - ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია, დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა, 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი“,- დაწერა რამდენიმე კვირის წინ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავმატოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლევან ჩიკვატიამ სოციალურ ქსელში. ანალოგიური განცხადება გააკეთეს სხვა ექიმებმაც, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ ოპერაციებს აკეთებენ.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განმარტებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეისწავლა ბაზარი და ყველა მასალა, რაც ბაზარზეა ხარისხიანი და აღიარებულია სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ. რაც შეეხება სახარჯი მასალებისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეგულირების კანონპროექტს, მისი თქმით, „ამით ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება საუბარი, რომელი მასალაა ხარისხიანი და რომელი არა“.
„DRG-ის ფასის დადგენისას სხვადასხვა კომპონენტი მონაწილეობს, არის სერვისის ნაწილი და სახარჯი მასალა. დღეს დეფიციტია იმ კუთხით, რომ საკანონმდებლო გარემო, რომელიც დაარეგულირებდა სამედიცინო აპარატურას და სახარჯ მასალას, ჯერჯერობით ევროდირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანილი არ არის და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს, მაგრამ ვიდრე ჩვენ ამას გავაკეთებთ, მანამდე განისაზღვრება ის აუცილებელი მოთხოვნები იმპლანტისთვის, სახარჯი მასალისთვის და კიდევ სხვა დამატებითი სამედიცინო აღჭურვილობისთვის, რა უნდა გამოიყენოს სამედიცინო დაწესებულებებმა და რისი განფასება მოხდება DRG-ის სტანდარტის ფარგლებში, რადგან ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საუბარია რომელია ხარისხიანი, რომელია უხარისხო და რა შემოდის ქვეყანაში.
დღეს რაც ბაზარზე ცირკულირებს, რომ შევისწავლეთ ეს ბაზარი, ყველაფერი არის საკმაოდ ხარისხიანი და აღიარებული სხვადასხვა მარეგულირებლის მიერ. ეს ძირითადად ეხება ევროპის მარეგულირებელს, შესაძლებელია იყოს ამერიკის მარეგულირებელიც, თუმცა ერთიანი სისტემატიზებული მიდგომა ჯერჯერობით ჩვენთან ამ მიმართულებით რადგან არ არის, ამიტომ, ეს უნდა დაინერგოს რაც შეიძლება სწრაფად იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ შეკითხვებს. ანუ როდესაც ვთავაზობთ პაციენტს მაგალითად თვალის ოპერაციას და მას ბროლის გადანერგვა სჭირდება, ამ შემთხვევაში რა ტიპის ბროლი შეიძლება იყოს გამოყენებული სამედიცინო დაწესებულებების მიერ, რომ პაციენტიც დაცული იყოს და ვიცოდეთ, რაში ვიხდით ამ თანხას“,- განმარტავს თამარ გაბუნია.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე არ გამორიცხავს ექიმები, რაზეც ისინი საუბრობენ, გარკვეულწილად მარკეტინგული ელემენტებით იყოს მოტივირებული.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გვქონდეს ობიექტური საზომი და ვიცოდეთ კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ფასდება ესა თუ ის მასალა, რას ნიშნავს ხარისხიანი და რას ნიშნავს ის, რომ მასალის გამოყენება შეიძლება არ იყოს გონივრული კონკრეტულ შემთხვევაში. სუბიექტური ფაქტორები აქ უნდა გამოირიცხოს სრულად. რა თქმა უნდა მარკეტინგის ელემენტები აქაც ისეთივე როლს თამაშობს, როგორც წამლის შემთხვევაში, ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი იყოს გამჭვირვალე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაფუძნებული და პაციენტი იყოს დაცული, ნებისმიერი სუბიექტური ზეგავლენისგან. იქნება ეს პოზიტიური მიზნებისთვის, თუ გარკვეული მარკეტინგული მიზნებისთვის“,- განმარტავს თამარ გაბუნია.