10.ივლისი .2020 09:40

ბევრია თუ ცოტა მთავრობის რთველის სუბსიდია? - ღვინის მწარმოებლების შეფასება

views 476
უკან

მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო მსხვილ კომპანიებს რქაწითელისა და კახური მწვანის შესყიდვას იმ შემთხვევაში დაუსუბსიდირებს, თუ ამ ჯიშის ყურძნის შესყიდვის მოცულობა 1 000 ტონა იქნება, ხოლო 1 კგ ყურძენზე, ხარისხისა და ადგილწარმოშობის მიხედვით, კომპანიები მინიმუმ 80 თეთრს გადაიხდიან.

BM.GE დაინტერესდა როგორ აფასებენ, მთავრობის გადაწყვეტილებას ღვინის მწარმოებელი კომპანიები და ამ კითხვით ღვინის მწარმოებლებს მიმართა.

კომპანია „მილდიანი ჯგუფის“ დამფუძნებლის ელდარ მილდიანის შეფასებით, მთავრობის ხელშეწყობა მათ კომპანიას სტიმულს მისცემს, რომ რთველი 2020-ზე მეტი რქაწითელი და კახური მწვანე შეიძინონ, ვიდრე დაგეგმილი ჰქონდათ.

„ჩვენი კომპანიის მაგალითზე რომ ვისაუბრო, გაყიდვები შიდა ბაზარზე და ქვეყნის გარეთაც ძალიან შეგვიმცირდა, განსაკუთრებით რუსეთის მიმართულებით. ასეთი სახის დახმარება სახელმწიფოს მხრიდან რომ არ ყოფილიყო, ამ ჯიშის ყურძენს წელს არ ჩავიბარებდი. ახლა რაც ცარიელი ჭურჭელი მაქვს, მაქსიმალურად შევავსებ.

რეალური გეგმა ყველა მიმართულებით შემცირებული გვაქვს, ამიტომ საკუთარი ძალებით ამ მოცულობის ნახევარსაც ვერ შევიძენდი, რაც მთავრობის მხრიდან არის დასახელებული. მაგრამ რადგან ასეთი სტიმული გვაქვს ვეცდები, რომ ეს მოცულობა შევავსო“, - აღნიშნა ელდარ მილდიანმა.

ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბადაგონის“ გენერალური დირექტორი მარი გიორგაძე კი ამბობს, რომ სუბსიდირება ხელს შეუწყობს როგორ მევენახეებს, ასევე მწარმოებელ კომპანიებსაც.

„დარგი ნამდვილად საჭიროებს მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, რომ რეალურად შევძლოთ მევენახეებისგან ყურძნის შესყიდვა და გადამუშავება. ნამდვილად გაგვიჭირდებოდა კომპანიას იგივე თანხის გადახდა, რაც მაგალითად შარშან იყო დაფიქსირებული და ა.შ. სახელმწიფოს მხრიდან იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიღებული. სუბსიდირება არის ზრუნვა როგორც ფერმერზე, ისე ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე. ვთვლით, რომ მინიმალური ფასი ნორმალურია, და 30-თეთრიანი სუბსიდირების შემთხვევაში კომპანიები შეძლებენ ამ თანხის გადახდას.

თეთრი ყურძნის, ანუ რქაწითელის და კახური მწვანეს გადამუშავება წლიდან წლამდე ჩვენი წარმოების 40-60%-ს მოიცავს. ვერ ვიტყვით, რომ სუბსიდირებით უფრო მეტ ყურძენს შევიძენთ, მაგრამ ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დახმარება, იმიტომ, რომ იმ თანხის გადახდა რაც შარშან ღირდა ყურძენი, წელს კომპანიებს გაუჭირდებათ “, - განაცხადა "ბადაგონის" გენერალურმა დირექტორმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა