მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავებისას მევენახეებს რიგში ხანგრძლივად დგომა არ მოუწიოთ - მინისტრის მოადგილე

კახეთი

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო.

დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შტაბის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია ზოგადად რთველის მიმდინარეობისა და სტიქიის შედეგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ. 

„დღეიდან უკვე შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპენსირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივად დგომა“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

მევენახეებთან საუბარში კი მინისტრის მოადგილემ ფერმერებს აგროდაზღვევის უფრო აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.

„კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ დაზღვეულ ვენახებს რისკი საგრძნობლად შემცირებული აქვთ, რადგან გარანტირებული აქვთ ხარჯების ანაზღაურება. სადაზღვევო კომპანიები უახლოეს დღეებში დაიწყებენ ადგილზე შეფასებას, დაითვლიან ზარალს და დაიწყება ანაზღაურების პროცესი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ფერმერებს, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ აგროდაზღვევა, სადაც ძირითად ხარჯებს იღებს სახელმწიფო და მხოლოდ 30%-ია ფერმერის გადასახდელი. უნდა გამოიყენონ ფერმერებმა ეს შესაძლებლობა, რადგან ასეთი კლიმატური მოვლენების დროს ექნებათ
გარანტირებული შემოსავალი“ - აღნიშნა მან.

ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები