მეღვინეობა "ამბრას" დამფუძნებელი, აკაკი სირაძე, BMGTV-ის გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში განმარტავს, რა სჭირდება რაჭის რეგიონს იმისთვის, რომ აქ მეღვინეობა/მევენახეობის დარგი განვითარდეს.
როგორც "ამბრას" დამფუძნებელი მიიჩნევს, რაჭაში ამ მიმართულებით, ბოლო წლებში, ისედაც შეინიშნება წინსვლა, თუმცა დამატებითი საწარმოების გაჩენა რეგიონში უფრო მეტ სარგებელს გააჩენს.
"წინა წლებთან, ბოლო რამდენიმე ათწლეულთან შედარებით, დღეს რაჭის მევენახეობა-მეღვინეობა განვითარდა. თუ რაჭაში ადრე ვხვდებოდით სულ 2-3 საწარმოს, დღეს რეგიონში უკვე არის რამდენიმე, მათ შორის, საკმაოდ ბევრი, მცირე მარანი. ბევრმა დაიწყო საკუთარ ვენახიდან ღვინის წარმოებ და რეალიზება, რაც რეგიონისთვის ძალიან კარგია, დამატებით ფინანსებს იზიდავს.
რაჭას ამ ეტაპზე რაც სჭირდება, ვფიქრობ, საწარმოების დამატებაა, რათა მოხდეს რაჭის “ჩაკეტვა” და მთლიანი მოსავლის რეგიონშივე დაბინავება, რომ არ ხდებოდეს რეგიონიდან ყურძნის გადინება. ეს რაჭისთვის საკმაოდ ხელსაყრელი იქნება ფინანსების მხრივაც: დამატებითი შემოსავალიც გაჩნდება, ხალხიც დასაქმდება და ეს ყველაფერი ისევ რეგიონის განვითარებას შეუწყობს ხელს", - აცხადებს აკაკი სირაძე.
"ამბრას" დამფუძნებელი BMG-სთან ყურძნის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამასაც აფასებს. აკაკი სირაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მევენახეებისთვის ყურძნის სუბსიდირება შემოსავლის წყაროა, პროგრამა ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის.
"რა თქმა უნდა, მევენახისთვის სუბსიდირება ძალიან კარგია, აძლევს მოტივაციას, რომ მეტი ვენახი გააშენოს და მეტი შემოსავალი მიიღოს, მაგრამ არაკონკურენტუნარიანი გარემო იქმნება, ჩემი აზრით. ადრე თუ გვიან, სავარაუდოდ, მივალთ იქამდე, რომ სუბსიდია გაუქმდება და ამ შემთხვევაში ის მევენახეები, ვისაც ამ მოსავალზე ჰქონდათ იმედები დამყარებული, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან.
საბოლოოდ მოხდება ისე, რომ კომპანია 8 ლარს ვეღარ გადაიხდის, ეს შეუძლებელია. ყურძნის ფასი საბაზრო ღირებულებამდე, 3-4 ლარამდე დაეცემა, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება ფერმერებზე.
ეს პროცესი უცებ ვერ მოხდება, იქნება დროში გაწელილი, გარდამავალი პროცესი, ეგრევე გაუქმება შეუძლებელიც კი იქნებოდა სახელმწიფოს მხრიდან, რადგან ფერმერი დიდ დარტყმას მიიღებს ამ ყველაფრით და შეიძლება, მაგალითად, რაჭაში მთლიანად გაჩეხოს ვენახი და სრულიად სხვა კულტურის მოყვანაზე იფიქროს", - ამბობს "ამბრას" დამფუძნებელი.
წელს რთველის სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, პირველ ეტაპზე 85 მლნ ლარი, 21 ოქტომბრის მთავრობის დადგენილებით კი, დამატებით 35 მლნ ლარი გამოიყო, საიდანაც 35 მლნ ლარი კერძო კომპანიების მიერ ჩაბარებული რქაწითლის ღირებულების სუბსიდირებას ითვალისწინებს, დარჩენილი ნაწილი კი ბაზარზე არსებული ჭარბი ყურძნის სახელმწიფოს მიერ შესყიდვას.
1 კგ. რქაწითელზე კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია 20 თეთრია, ყურძნის შესყიდვა კი კომპანიებს 8 ლარი უჯდებოდათ.