რაჭული მეღვინეობა “ამბრა” ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე აქტიურად პოზიციონირებს. როგორც მისი დამფუძნებელი, აკაკი სირაძე, BMG-სთან აღნიშნავს, კომპანიის მიერ წარმოებული 13 სახეობის ღვინის ძირითადი ნაწილი ექსპორტზე სწორედ ამ ქვეყანაში გადის.
“ჩვენი მიზანია, ენდემური რაჭული სახეობის ღვინოები, მათ შორის გადაშენების რისკის ქვეშ მყოფი ყურძნის ჯიშებით ვაწარმოოთ, ამიტომ ვაშენებთ ვენახებსაც. ვაწარმოებთ 13 სახეობის პროდუქტს, როგორც კლასიკურ, ისე ქვევრისა და ცქრიალა ღვინოებს.
ჩვენი პროდუქცია ევროპის 5 ქვეყანაში, ამერიკაში, იაპონიასა და ჩინეთში იყიდება. მართალია, საქართველოს ბაზარზე წარმატებით ვპოზიციონირებთ თითქმის ყველა ბრენდულ ღვინის მაღაზიაში, სასტუმროსა თუ რესტორანში, მაგრამ მოთხოვნის მხრივ, წარმოების, დაახლოებით, 70% ამერიკის შეერთებულ შტატებში იყიდება”, - ამბობს აკაკი სირაძე.
მისი თქმით, აშშ-დან ცქრიალა ღვინოზე მოთხოვნა განსაკუთრებით მზარდია, რასაც იმპორტიორის მიერ შეკვეთის გაზრდილი მოცულობაც ადასტურებს.
“სიახლე ისაა, რომ აშშ-სთან დაწყებული პროექტი - ცქრიალა ღვინისა და ვაშლის ციდრის მიმართულებით, წარმატებით მიმდინარეობს. პროდუქცია ამერიკის ბაზარზეა, მოთხოვნადია. ჩვენმა ექსპორტიორმა უკვე გაგვიზარდა შეკვეთის მოცულობა. თუ აქამდე 5-6 პალეტი ცქრიალა ღვინო გადავტვირთეთ, ეს რაოდენობა 10-15 პალეტამდე გაიზრდება - ამერიკის ბაზარზე ვიზრდებით და ვიზრდებით”, - აცხადებს აკაკი სირაძე.
“ამბრას” დამფუძნებლის თქმით, მათი ღვინოები მაღალ სეგმენტზეა გათვლილი და ხარისხიცა და ფასიც შესაბამისი აქვს. სახეობისა და კატეგორიის მიხედვით, ერთი ბოთლი ღვინის ღირებულება 40-ლარიდან იწყება და, საშუალოდ, 80-ლარამდე მერყეობს.
“ამბრას” მეღვინეობა, მათ შორის 2.5 ჰექტარზე გაშენებული ვენახები და ღვინის საწარმო, რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ხვანჭკარის მიკროზონაშია განთავსებული.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას, აკაკი სირაძე აღნიშნავს, რომ ღვინის საწარმოს მეორე სართულზე უკვე მიმდინარეობს შესაბამისი ფართის მოწყობის სამუშაოები და მომავალი წლიდან, სავარაუდოდ, ახალი სარესტორნე სივრცე სტუმრებსაც უმასპინძლებს: “მშენებლობა-რემონტის პროცესში ვართ, სამუშაოები ჯერ ვერ დავასრულეთ, თუმცა, ვფიქრობ, მომავალი ზაფხულიდან გავხსნით ამ სივრცეს”.
მეღვინეობა “ამბრა” ქართულ ბაზარზე 2019 წელს “ქვე შენიჭირიმეს” სახელით გამოჩნდა, თუმცა მოგვიანებით რებრენდინგი განიცადა და მას შემდეგ ახალი სახელით პოზიციონირებს.