მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სეტყვის გამო მოსავლის 10% განადგურდა” - რაჭული მეღვინეობა “ამბრა”

ამბრა მეღვინეობა

მომავალი თვიდან დასავლეთ საქართველოში, კერძოდ რაჭაში, ყურძნის კრეფა აქტიურ ფაზაში შევა, თუმცა, როგორც რაჭული მეღვინეობა “ამბრას” დამფუძნებელი BM.GE-სთან აცხადებს, მევენახეებისთვის წლევანდელი რთველი განსაკუთრებულად რთული იქნება. აკაკი სირაძის განმარტებით, უხვნალექიანმა ზაფხულმა და ორი კვირის წინ მოსულმა სეტყვამ ყურძნის მოსავლის ნაწილი გაანადგურა. 

“ძალიან რთული წელია მთლიანად საქართველოში მევენახე-მეღვინეებისთვის, კახეთთან ერთად დაისეტყვა რაჭაც, ოღონდ ეს არ ყოფილა დიდი ზიანის მომტანი. მოსავლის 10% გაფუჭდა და შემცირდა, მანამდე ძალიან ნალექიანი სეზონი იყო, დაიჭრახა, დაიწვა ვენახები, ამიტომ არც თუ ისე სახარბიელო სეზონი იქნება წელს რაჭაში. 

ვფიქრობ, ხარისხზე ვინც მუშაობს, ის კომპანია ვეღარ მიიღებს იმდენ ყურძენს, რასაც წინა წლებშიც იღებდა, რაც აისახება ბოთლების რაოდენობაზეც და შარშან თუ, სიტყვაზე, 20 ტონა ყურძენი გადავამუშავე, წელს 15 ტონას ან უფრო ნაკლებს გადავამუშავებ”, - ამბობს აკაკი სირაძე.

“ამბრას” ვენახები რაჭაში, სოფელ ბუგეულში, ხვანჭკარის მიკროზონაში 2 ჰექტარზეა გაშენებული. კომპანიამ წელს 0.5 ჰა ცოლიკაურის ჯიშის ვენახიც გააშენა, ციცქა ჯიშის ყურძენს კი იმერეთიდან ყიდულობს. 

“ამბრას” დამფუძნებლის თქმით, რაჭაში ყურძნის სუბსიდირების პროგრამის პირობები ჯერ ცნობილი არაა, თუმცა მეღვინე ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში რაჭველი მევენახეები გაფუჭებული ყურძნის ჩაბარებას შეძლებენ.

“რაჭაში ჯერჯერობით არ არის რთველის პროცესი დაწყებული და, დაახლოებით, ორ კვირაში გახდება ცნობილი სუბსიდირების პროგრამის დეტალები, როდესაც მოგვიახლოვდება რთველი. თუმცა ვფიქრობ, როგორც კახეთში, რაჭაშიც მოხდება სუბსიდირება”, - ამბობს აკაკი სირაძე.

მისი თქმით, ამ ეტაპზე რაჭველი მეღვინეებისთვის მთავარ გამოწვევად სეზონისთვის მოულოდნელი ამინდია, რასაც სახელმწიფო სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარებით უნდა ებრძოლოს.

“რაჭაში აგვისტო-სექტემბერში სეტყვა აქამდე არასდროს ყოფილა. რაჭველი მევენახეები სურვილი იქნება, რომ აქაც დაიდგას სეტყვასაწინააღმდეგო აპარატები, რათა სრული მოსავალი არ დაიკარგოს და რაჭამაც კახეთის ბედი არ გაიზიაროს. გაუბედურდა აქაურობა და შეიძლება იმავე მასშტაბებზე გავიდეთ”, - აცხადებს აკაკი სირაძე.

“ამბრას” მეღვინეობა ქართულ ბაზარზე 2019 წლიდან გამოჩნდა. კომპანია ამ დროისთვის 13 სახეობის პროდუქტს, მათ შორის კლასიკურ, ქვევრისა და ცქრიალა ღვინოებს აწარმოებს. “ამბრას” პროდუქციის შეძენა ყველა ბრენდულ ღვინის მაღაზიაში შეიძლება, საქართველოს საზღვრებს გარეთ კი მათ ღვინოს აშშ-ის, ევროპისა და აზიის ბაზარზე შეხვდებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები