04.მაისი .2021 08:52

ბილ და მელინდა გეიტსები 27-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ

ბილ და მელინდა გეიტსები 27-წლიანი ქორწინების შემდეგ განქორწინდნენ
views 2004
უკან

ბილ და მელინდა გეიტსებმა 27-წლიანი ქორწინების დასრულება გადაწყვიტეს. აღნიშნული ინფორმაცია გეითსებმა თავად გაავრცელეს.

წყვილი 1994 წელს დაქორწინდა, მათ სამი შვილი ჰყავთ. ამასთან, ბილი და მელინდა ერთობლივად მართავდნენ ბილ და მელინდა გეიტსების ფონდს (Bill & Melinda Foundation), რომლის გავლითაც ქველმოქმედებაზე თავიანთი ქონებიდან $100 მილიარდზე მეტი დახარჯეს.

„ხანგრძლივი ფიქრისა და ჩვენს ურთიერთობაზე დიდი მუშაობის შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულოთ ჩვენი ქორწინება. ბოლო 27 წლის განმავლობაში, ჩვენ აღვზარდეთ სამი შესანიშნავი შვილი და შევქმენით ფონდი, რომელიც მთელი მსოფლიოს მოსახლეობას საშუალებას აძლევს იცხოვრონ ჯანმრთელი და პროდუქტიული ცხოვრებით. ჩვენ კვლავ ვიზიარებთ საერთო რწმენას ფონდის მისიისადმი, შესაბამისად, ერთობლივად გავაგრძელებთ მუშაობას აქ, თუმცაღა, გვჯერა, რომ ცხოვრების შემდეგ ეტაპზე როგორც წყვილი ვეღარ განვვითარდებით…“ – ვკითხულობთ მელინდა და ბილ გეიტსების ერთობლივ განცხადებაში.

ბილ გეიტსის წმინდა ქონება $124 მილიარდ დოლარადაა შეფასებული. Forbes-ის მილიარდერების სიაში იგი მეოთხე ადგილს იკავებს. მელინდა გეითსი კი ყველაზე გავლენიანი ფილანტროპი ქალია, Forbes-ის გავლენიანი ქალების 2020 წლის სიაში ის მე-5 ადგილს იკავებს. განქორწინებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია, ბილ და მელინდა გეიტსები მედიასთან ამ საკითხზე საუბარს ჯერჯერობით არ აპირებენ.

Forbes.ge