მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბილ გეიტსმა TerraPower-ის ახალი ატომური ელექტროსადგურის პროექტი წარადგინა

6458b41e53d3e
გიორგი არონია
08.05.23 13:00
2569

მსოფლიოს ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა, ამერიკელმა ბილ გეიტსმა, რომელიც წლებია, რაც Microsoft-ის ყოველდღიურ მართვას ჩამოშორდა და ძირითადად საქველმოქმედო საქმიანობითა და მეწარმეობით არის დაკავებული, ახალი ატომური ელექტროსადგური წარმოადგინა, რომელიც ვაიომინგის შტატის ქალაქ კემერერში, სავარაუდოდ, 2030 წელს გაიხსნება. როგორც ბილ გეიტსი მის ბლოგში, Gates Notes-ში წერს, ოფიციალურად გახსნის დროს, აღნიშნული ატომური ელექტროსადგური მსოფლიოში ყველაზე განვითარებული იქნება და შესაბამისად, ენერგიის გამომუშავებას უფრო უსაფრთხოდ და გარემოსთვის ნაკლები დაბინძურების ფონზე შეძლებს. ამ ეტაპზე, ატომური ელექტროსადგურის პროექტირებული დადგმული სიმძლავრე 500 მეგავატს შეადგენს, რაც, კომპანიიის შეფასებით, საკმარისია 400 ათასი სახლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 

“დღეს შტატ ვაიომინგის ქალაქ კემერერში ვიმყოფები, სადაც 15 წლის წინ დაწყებული პროექტის, ახალი თაობის ატომურ ელექტროსადგურის პროექტირებისა და მშენებლობის ახალ ეტაპზე გადასვლას ვზეიმობთ. ამ დროის შემდეგ აქ ყოფნა ძალიან მახარებს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამ დაწესებულების წყალობით ადგილობრივ ეკონომიკას განვავითარებთ, ამერიკის ენერგოდამოუკიდებლობას მივაღწევთ და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში გავიმარჯვებთ”, - წერს ბილ გეიტსი საკუთარ ბლოგში.

ქარხანას TerraPower-ი აშენებს - კომპანია, რომელიც ბილ გეიტსმა ჯერ კიდევ 2008 წელს დააფუძნა. მილიარდერის თქმით, ბირთვულ ენერგიაზე გადასვლა გარდაუვალი და აუცილებელია, რადგან მზარდი ენერგომოხმარების დაკმაყოფილება და ნახშირორჟანგის ემისიების შემცირება, ერთდროულად, სხვაგვარად შეუძლებელია. ამასთან, ბილ გეიტსი წერს იმასაც, რომ ენერგიის არც ერთი სხვა წყარო არ არის ისეთივე სანდო და სუფთა, როგორიც ბირთვული ენერგია.

მის წერილში, ბილ გეიტსი ბირთვული ენერგიის უარყოფით მხარეებზეც წერს - ამათგან, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატომური ელექტროსადგურების ასაშენებლად საჭირო ინვესტიცია და ადამიანური შეცდომის პოტენციური რისკი. ამასთან, მილიარდერის თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოების იმ ნაწილის უზრუნველყოფა, რომლებიც ბუნებრივი წიაღისეულის ინდუსტრიაში მუშაობენ ან მასზე პირდაპირ დამოკიდებულნი არიან. როგორც ბილ გეიტსი წერს, Natrium-ის ატომური ელექტროსადგურის შემთხვევაში ეს და სხვა პრობლემები პროექტშივე არის გათვალისწინებული, რადგან ის გაცილებით უფრო უსაფრთხოა, ვიდრე სხვა ალტერნატივები.

ამასთან, მის წერილში, ბილ გეიტსი ყურადღებას ამახვილებს კემერერის ატომური ელექტროსადგურის სოციალურ მხარეზეც. როგორც მილიარდერი წერს, ვაიომინგის ეს ქალაქი და მისი მაცხოვრებლები, დიდწილად, ქვანახშირის სადგურზე არიან დამოკიდებულნი, რადგან ათწლეულებია, რაც ქალაქში ეს დაწესებულება ფუნქციონირებს, მაგრამ რამდენიმე წელიწადში, მისი დახურვა არის გადაწყვეტილი. ბილ გეიტსის თქმით, არსებული ქარხნის თანამშრომლები გადაკვალიფიცირდებიან და ატომურ ელექტროსადგურში დასაქმდებიან, რომელიც ჯამში, 200-დან 250 ადამიანს დაასაქმებს. ამასთან, მშენებლობისას ქალაქში 1600 დროებითი სამუშაო ადგილიც შეიქმნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები