მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიუჯეტი ითხოვს, რომ ეს ხალხი ავამუშაოთ, თორემ ქვეყანა დაგვექცევა - რესტორატორთა ასოციაცია

5eb2c6734de12
დავით ჯალაღონია
06.05.20 20:00
1011
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის კოტე გაბრიჩიძის ინფორმაციით, მთავრობა ამ ბიზნესისთვის დამატებითი შეღავათების დაწესებას განიხილავს.

"სამი-ოთხი დღის წინ გვქონდა შეხვედრა ნათია თურნავასთან (ეკონომიკის მინისტრი). ერთად ვფიქრობთ ბევრ რაღაცაზე. მთავრობა რაზე წამოვა და რაზე - არა, ჯერ არ ვიცით. სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ. ერთი რაც უკვე გაკეთდა, არის საკრედიტო-საგარანტიო სისტემა.

მეორე თემა - საგადასახადო პრეფერენციებზეა ლაპარაკი, მაგრამ საბოლოო ვერსიით როგორ იქნება, არ ვიცით. სხვადასხვა ვერსიები განვიხილეთ. სესხების გარდა, საგადასახადო გადავადებებზეც არის საუბარი. პრემიერმა გიორგი გახარიამაც თქვა, რომ ქონების გადასახადის გადავადების თავიდან გაცხადებული ვადები გადასახედია. ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალა და იქიდან გამომდინარე, როგორი იქნება სხვადასხვა სექტორის გახსნა, ბანკების კრედიტების გადავადებებიც სხვადასხვანაირად გადალაგდება.

ზოგს, სავარაუდოდ, კრედიტის კიდევ უფრო გადაწევა მოუწევს, რადგან ბიზნესი შეიძლება სამი თვის მერე გაიხსნას. ყველგან ერთნაირი ვითარება არ არის. არის ისეთი რესტორნები, რომლებიც ახლაც მუშაობენ. "მაკდონალდსისთვის" სხვანაირი მიდგომაა საჭირო და საბანკეტო დარბაზისთვის, რომელიც დიდხანს ვერ გაიხსნება - სხვა.

"გუშინ ასევე შეხვედრა გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, სადაც მზადდება გაიდლაინები ჩვენი სფეროსთვის. აქ საუბარია იმაზე, მაგალითად, ტერასებზე მუშაობისთვის როგორი პოლიტიკა იქნება შემოთავაზებული სახელმწიფოს მხრიდან და ეს ადეკვატურად უნდა იყოს აღქმული ბიზნესის მიერ. ამიტომ ამაშიც ჩართულები ვართ აქტიურად, რათა ისეთი რეგულაციები გაკეთდეს, რომ ლოგიკა იყოს დაცული და საქმეს წაადგეს", - განაცხადა კოტე გაბრიჩიძემ.

ამასთან, რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი მთავრობის მხრიდან ბიზნეს სექტორის ამუშავებისთვის კიდევ უფრო მკაფიო გზავნილებს ელოდება.

"ბიუჯეტის ფორმირების მთავარი წყარო არა პატრულის ჯარიმები ან სხვა შენატანები, არამედ ბიზნესია. მთავარია, მთავრობამ ბიზნესის მიმართ თქვას და შემოუძახოს, რომ სასწრაფოდ ამუშავდეს, თუ გვინდა, რომ ბიუჯეტი იყოს ცოცხალი. რაც დიდხანს იქნება გაჩერებული ბიზნესი, მით უფრო დიდი დანაკარგი ექნება ბიუჯეტს. ბიუჯეტი ითხოვს, რომ ეს ხალხი ავამუშაოთ, თორემ ქვეყანა დაგვექცევა. ასე დგას საკითხი და ამ შემთხვევაში მთავრობა ყველანაირად მოდის იმაზე, რომ ხელშეწყობის რეჟიმზე გადავიდეს, რადგან ბიუჯეტი ჩვენს კისერზეა. მშპ-ის მთავარი შემქმნელი ბიზნესია. ბიზნესის გადარჩენაზეა ლაპარაკი. აქ არანაირ მოგებაზე არ ვფიქრობთ. ვფიქრობთ, ეს რეჟიმი გავიაროთ, რომ ბიზნესი არსებობდეს, ცოცხლები ვიყოთ", - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ დახურული რესტორნები და კაფეები მომხმარებლებს ღია სივრცეებში 8 ივნისიდან მიიღებენ. ამას მთავრობის მიერ შემოთავაზებული ეკონომიკის გახსნის მეოთხე ეტაპი ითვალისწინებს.