24.ნოემბერი .2022 17:57

ბიზნესდავების გადაწყვეტა გერმანული მოდელით - რა მექანიზმს სთავაზობენ საქართველოს?

ბიზნესდავების გადაწყვეტა გერმანული მოდელით - რა მექანიზმს სთავაზობენ საქართველოს?
views 458
უკან

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ და გერმანიის ადვოკატთა ფედერალურმა პალატამ ბიზნეს დავების განხილვის გერმანული მოდელი წარადგინეს. აღნიშნული მოდელი, გერმანიის სასამართლო სისტემაში 100 წელია წარმატებულად მუშაობს. ეს მექანიზმი სპეციალური პალატის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის შემადგენლობაში ერთი პროფესიონალი მოსამართლე და ორი მსაჯული იქნება, პალატის წევრები კი საქართველოში მოქმედი ბიზნეს ასოციაციებისა და გაერთიანებების წარმომადგენლებით დაკომპლექტდება.

ამასთან, შერჩეული მსაჯულებისგან მსაჯულთა რეესტრი შეიქმნება, საიდანაც კონკრეტული დავის განხილვისთვის კომერციულ პალატაში მსაჯულები წინასწარ განსაზღვრული გამჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩევიან.

“გერმანული სისტემის ერთი განსხვავებული ნიშანი - კომერციული დავების პალატაა. თავისი არსით, ეს ზედმიწევნით სპეციალიზებული პალატაა, რომელიც დაკომპლექტებულია, როგორც პროფესიონალი, ასევე მოწვეული მოსამართლეებისგან, რომელთაც ეკონომიკური სექტორის წარმომადგენლები ნიშნავენ, მათ შორის ინდუსტრიისა და ვაჭრობის პალატის წევრები. შეიძლება, მოსამართლედ კომპანიის დირექტორები და ფინანსური დირექტორები დაინიშნონ. ამგვარად, ეს პროფესიონალი და ბიზნესიდან მოწვეული მოსამართლეებით დაკომპლექტებული შერეული სისტემაა, რომლის უპირატესობა ისაა, რომ სასამართლო მეტად სპეციალიზებულია, მას ესმის თუ რა ხდება ბიზნესში და რა აწუხებთ სუბიექტებს.

ამასთანავე, ეს პალატა მხოლოდ კომერციულ დავებს განიხილავს, რაც აჩქარებს პროცედურებს და მათ მეტად ეფექტიანს ხდის, თან იზრდება გამოტანილი განაჩენების ხარისხიც. ეს მოდელი გერმანიაში წარმატებულად გამოიყენება”,- აცხადებს BM.GE-სთან ვერონიკა ჰორერი, გერმანიის ადვოკატთა ფედერალური პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი.

რამდენად მოხდება წარმოდგენილი მოდელის სრულად ან ნაწილობრივ გაზიარება, ამაზე ამ ეტაპზე გადაწყვეტით პასუხი არ არსებობს. ადვოკატთა ასოციაცია აქტიურად გეგმავს გერმანული მოდელის უპირატესობების საქმიან განხილვას როგორც საკანონმდებლო, ისე სასამართლო ხელისუფლებასთან.

„ჩვენ ბიზნესდავების და კომერციული დავების გადაწყვეტის სასამართლო პალატა არ გვაქვს, ჩვენ გვაქვს გარკვეული მოსამართლეთა სპეციალიზაცია, რომლებიც იხილავენ გარკვეული ბიზნეს კატეგორიის დავებს. ეს უკავშირდება ძირითადად დავის საგნის ოდენობას, ეს უნდა იყოს 500 000 ლარზე მეტი.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად ახალ მოდელზე. საუბარია ცალკე პალატაზე, სადაც პროფესიონალ მოსამართლესთან ერთად სასამართლო განხილვაში, სამართალწარმოებაში მონაწილეობას იღებენ მსაჯულები და ეს მსაჯულები არიან ბიზნეს სექტორის და ბიზნეს საზოგადოების მაღალი რეპუტაციის აღმასრულებელი პირები“, - აცხადებს დავით ასათიანი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა