მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფში მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა

641be3092d3e0
BM.GE
23.03.23 09:25
513
19 მარტს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წწ. სეზონის A და B ჯგუფის მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. სათამაშო დღე B ჯგუფით დაიწყო.

სასტარტო მატჩში „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „მეამა“-ს დაუპირისპირდა და 5:2 იმარჯვა. პირველი ტაიმი GSE-მ ორი უპასუხო გოლით მოიგო. მეორე ნახევარში „მეამა“-მ სხვაობა მინიმუმამდე ორჯერ შეამცირა, მაგრამ მეტოქე საბოლოოდ წინ გაიჭრა.

„რუსთავის აზოტმა“ „დი ეიჩ ელი“ 6:2 დაამარცხა. „აზოტი“ მეცამეტე წუთზე ორი ბურთით აგებდა, ტაიმის დასრულებამდე ანგარიში გაათანაბრა და დაწინაურებაც შეძლო. მეორე ნახევარში „დი ეიჩ ელ“-მა ოთხი გოლი მიიღო, სხვაობა ვერ შეამცირა და საბოლოოდ დიდი ჩამორჩენით დამარცხდა.

სატურნირო ცხრილის უდანაკარგო ლიდერმა „ენერგო-პრო ჯორჯია“-მ „ენ ეს სტუდიო“-ს 6:4 სძლია და ქულათა მაქსიმუმით ასპარეზობას განაგრძობს. „ენერგეტიკოსებმა“ უპირატესობა თამაშის სტარტზევე მოიპოვეს და ოცდამეექვსე წუთზე მეტოქეს ხუთი ბურთით უგებდნენ. დარჩენილ დროში NS Studio-მ სხვაობის აღმოსაფხვრელად იბრძოლა, მაგრამ საბოლოოდ ჩამორჩენა მხოლოდ ორ ბურთამდე შეამცირა.

დაძაბული გამოდგა „ლიბერთი ბანკსა” და „ფარვანა“-ს შორის გამართული ბრძოლა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ „ფარვანა“ დაწინაურდა. ოცდამეათე წუთზე „ბანკირებმა“ წონასწორობა აღადგინეს. გუნდებმა დარჩენილ დროში სახიფათო მომენტები გაცვალეს, მაგრამ ანგარიშის შეცვლა ვერც ერთმა შეძლო და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

A ჯგუფში „საქართველოს ბანკი“ „არმია“-ს დაუპირისპირდა. „ბანკირებმა“ მატჩი 2:1 დათმეს, რითიც სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი დაიკავეს და შედეგად საკვალიფიკაციო ლიგის პლეიოფში გადაინაცვლეს.

ტური „ქართუ ბანკი“-ს და „შინაგან საქმეთა სამინისტრო“-ს შეხვედრით გაგრძელდა. „ძალოვნებმა“ მეტოქე იოლად დაამარცხეს, ანგარიშით 2:6 და ცხრილში პირველობას წაუგებლად ინარჩუნებენ.

„ნიკორა“-მ „ბეთლაივი“-ს 2:1 მოუგო და „ბუკმეიკერების“ ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. პირველი ტაიმი „ნიკორა“-ს უპირატესობით წარიმართა. „ბეთლაივმა“ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ოცდამეთექვსმეტე წუთზე კვლავ მიიღო საკუთარ კარში გოლი და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.

დღის დასკვნითი მატჩი „კროკობეთსა“ და „დიპლომატ ჯორჯია“-ს შორის დაძაბული გამოდგა. მერვე წუთზე „დიპლომატ ჯორჯია“ წინ გავიდა. მეორე ტაიმის სტარტზევე „ბუკმეიკრებმა“ ანგარიში გაათანაბრეს და ცოტა ხანში დაწინაურდნენ კიდეც. მიღებულ გოლს „დიპლომატმა“ მაშინვე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, შეხვედრის ბოლო წუთებზე შედეგიანად გათამაშებული ჯარიმით კი 3:2 იმარჯვა. „კროკობეთმა“ ამ შედეგით მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვნია.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე თბილისის ოლიმპიურ სასახლეში 2 აპრილს გაიმართება. საკვალიფიკაციო ლიგის პლეი-ოფი კი სტარტს 9 აპრილს აიღებს.