მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბიზნესს გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ...“ - წულუკიანმა დაუშვილს ინიციატივა დაუწუნა

5ff3856772684
თელარა გელანტია
05.01.21 01:10
3729
4 იანვრის პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის ინიციატორი ყოფილი ბიზნესომბუდსმენი და ამჟამად დეპუტატი მიხეილ დაუშვილია, ჯერჯერობით, ერთპარტიულ პარლამენტში კამათის მიზეზი გახდა. საქმე იმაშია, რომ კანონპროექტი შრომის კოდექსიდან მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღებას ითვალისწინებს, რაც შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აკრძალვას გულისხმობს. (მუხლი 2, პუნქტი 3: (შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნებისას და შერჩევის ეტაპზე, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით). როგორც განმარტებით ბარათშია აღნიშნული, „აუცილებელი გახდა საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის მესამე პუნქტის ამოღება, იმგვარად რომ მე-2 მუხლი თანხვედრაში იყოს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-4 მუხლის პირველმა პუნქტთან“. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი კი ამბობს, რომ „ ამ კანონის მიზნებისთვის დისკრიმინაცია არის განზრახ ან გაუფრთხილებლობით პირის განსხვავება ან გამორიცხვა ან მისთვის უპირატესობის მინიჭება რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, შრომითი ხელშეკრულების სტატუსის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი (მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი) კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას“.

თავის მხრივ, კანონპროექტის ინიციატორი ირწმუნება, რომ ცვლილების ერთადერთი მიზანი ტექნიკური ხარვეზის გასწორებაა, რადგან კანონპროექტის ორი სხვადასხვა მუხლი ერთი და იგივე შინაარსისაა, თუმცა ყოფილ ბიზნესომბუდსმენს კოლეგების ამაში დარწმუნება გარკვეულწილად გაუჭირდა და შესაბამისად, ვერც მხარდაჭერა მიიღო.

კანონპროექტმა განსაკუთრებით თეა წულუკიანის და მიხეილ სარჯველაძის კრიტიკა დაიმსახურა. ორივემ პირდაპირ თქვა, რომ შრომის კოდექსიდან მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ამოღება შრომით ურთიერთობებში უკან გადადგმული ნაბიჯია.

თეა წულუკიანი: „განმარტებითი ბარათი მწირედ არის ჩამოყალიბებული საუბრობს ამ ნორმის ამოშლის ტექნიკურ ხასიათზე, არადა ამის მხარდაჭერა ძალიან ძნელი იქნება ჩემი მხრიდან, რადგან ეს არის შრომით უფლებებში უკანგადადგმული ნაბიჯი ადამიანების უფლებების დაცვის სტანდარტის კუთხით. 2013 წლიდან ჩვენ - „ქართული ოცნების“ მთავრობამ დიდი შრომა გავწიეთ მრავალმხრივი, პირდპარი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. ამ ნორმის ამოშლას არ აკომპენსირებს ის მუხლი, რომელზეც თქვენ განმარტებით ბარათში მიუთითებთ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ გაქვთ პასუხი კითხვაზე - რისთვის არის საჭირო ამ ნაბიჯის უკან გადადგმა?! იქნებ მეტი გვესაუბროთ ამაზე?“

მიხეილ სარჯველაძე: „განმარტება და ახსნა რაც იყო წარმოდგენილი ტექნიკურ ცვლილებაზე და ორმაგი ინტერპრეტაციაზე, ბუნდოვანებაზე, სიმართლე გითხრათ, არაა გასაგები, რაში შეიძლება იყოს პრობლემა. ორი სხვადასხვა ნორმა შრომითი ურთიერთობების ორ სხვადსხვა ეტაპზე კრძალავს დისკრიმინაციას - წინასახელშეკრულობო და სახელშეკრულოებო ეტაპებზე, ერთი ზოგადია და მეორე კონკრეტული. რატომ გახდაა ეს პრობლემური? ვისთვის გახდა ეს პრობლემური? და კონკრეტულად, რაში გამოიხატება პრობლემა? თუ ეს ახსნა კონრკეტულად ვერ გავიგეთ, სიმართლე გითხრათ, არ მგონია, რომ ეს მხარდასაჭერი ინიციატივაა. გაუქმება შეიძლება ვიღაცამ აღიქვას როგორც დისკრიმინაციის დაშვება ზოგიერთ სფეროში. ეს კატეგორიულად მიუღებელია“.
 
დეპუტატების კითხვების შემდეგ მიხეილ დაუშვილი კიდევ ერთხელ შეეცადა კოლეგების დარწმუნებას იმაში, რომ აღნიშნული 2 მუხლი ერთმანეთს ფარავს და მისი ინიციატივა ხარვეზის გამოსწორებას ემსახურება, მაგრამ - უშედეგოდ.

„ძალიან წარმატებული იურისტი ბრძანდებით, ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებული პრაქტიკა გქონდათ და როდესაც ერთი კანონის 2 სხვადასხვა ჩანაწერი არეგულირებს ერთსა და იმავე საკითხს, ეს ხშირ შემთხვევაში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს როგორც ჩვეულებრივ სახელშეკრულებო ურთიერთობაში და თუნდაც იურიდიული რჩევის მიცემის დროს, ასევე სასამართლოში პროცესების წარმოების დროსაც. ამასთანავე, მეოთხე მუხლი პირდაპირ აკეთებს მითითებას, რომ მიუხედავად იმისა, რა სტატუსი გააჩნია შრომით ხელშეკრულებას, დისკრიმინაციის აკრძალვა აპრიორი მოქმედებს მხარეებს შორის. თვითონ იმ განმარტებაში, რომ მესამე მუხლის ამოღების შემთხვევაში, დასაქმებული ან პოტენციური დასაქმებული გახდება დაუცველი კანონიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, ვერ გეთანხმებით“, – მიმართა მიხეილ დაუშვილმა მიხეილ სარჯველაძეს.

კანონპროექტზე მსჯელობისას თეა წულუკიანმა მიხეილ დაუშვილს ბრალი იმაშიც დასდო, რომ ის კონსტრუქციულ დიალოგში არ გაჰყვა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრება, რომ „ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში“.

„თქვენ დასვით შეკითხვა, მიხეილ სარჯველაძეს ჰკითხეთ, ხომ კარგი იურისტი ხართო და არაუშავსავით იურისტია, რა ვიცი, ციხეში თუ ჩაგვსვეს, მოგვივლის ბევრ ადამიანს, კვალიფიკაცია აქვს კარგი, მაგრამ, თქვენ ბიზნესომბუდსმენი ხართ დღეს ამ ტრიბუნასთან, თუ დეპუტატი? არ მინდოდა ამ დისკუსიაში შესვლა, მაგრამ არ მომყვებით კონსტრუქციულ დიალოგში. ამ ნორმის ამოშლა არის უზარმაზარი უკან გადადგმული ნაბიჯი შრომით ურთიერთობებში და კერძო სექტორში, თორემ არც ერთი სამინისტრო, არც ეს პარლამენტი და არც ერთი საჯარო დაწესებულება არ იკადრებს შრომის ურთიერთობებში და ვეღარ იკადრებს იმას, რასაც კადრულობს ხოლმე კერძო ბიზნესი მცირეწლოვანი ბავშვის დედასთან მიმართებაში, ჰომოსექსუალ ადამიანთან მიმართებაში, ფეხმძიმე ქალთან მიმართებაში, შშმ პირთან მიმართებაში. ეს არის უკან გადადგმული ნაბიჯი. იმიტომ რომ ერთი ზოგადია, რომელზეც თქვენ გვეუბნებით, რომ უფრო კონკრეტულ ნორმას ფარავსო და მეორე არის უფრო კონკრეტული. ამ ორი ნორმით დასაქმებულ პირს აქვს უფრო მეტი დაცულობა და თქვენ ამას გნებავთ, უძახეთ ტექნიკური ხარვეზი, გნებავთ, ნუ უძახებთ. ბიზნესს ნამდვილად გაუხარდება ამას თუ წავშლით, მაგრამ მათ სხვანაირად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ აყვავდნენ, არა ისე, რომ ფეხმძიმე ქალი არ მიუშვან სამსახურში, რადგან 9 თვეში შემდეგ ფული უნდა უხადონ დეკრეტული შვებულებისთვის. ამას ემსახურება ეს, მეტს არაფერს“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

„კითხვას აჩენს ისიც, რომ ეს საკითხი დადგა რიგგარეშე სხდომაზე, თან დაჩქარებული წესით ითხოვთ მიღებას“, - ამ რეპლიკით დაუშვილს დეპუტატმა გიორგი კახიანმაც მიმართა.

თავის მხრივ, კანონპროექტის ავტორმა იუსტიციის ყოფილ მინისტრს უპასუხა, რომ პარლამენტის ტრიბუნიდან ის ყველას დამცველია, მათ შორის - ბიზნესის.

„სიმართლე გითხრათ, მართლა მიკვირს, რატომ ფიქრობთ, რომ ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში ან თუ დასაქმების ერთ-ერთი კანდიდატი შშმ პირია, მათ უფლებრივ მდგომარეობას რაიმე ზიანი მიადგება? გულწრფელად არ მესმის. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში გასწორდება ტექნიკური ხარვეზი, რომელმაც პრაქტიკაში შეიძლება შექმნას ბუნდოვანება და მეტი არაფერი. ამასთანავე, არცერთი დასაქმებულის ან პოტენციური დამსაქმებლის უფლებრივ მდგომარეობას არავითარი ზიანი არ მიადგება.

ასევე, უნდა გამოვეხმაურო ქალბატონი თეას <წულუკიანის> კომენტარს, რომ დიახ, ამ ტრიბუნაზე და ზოგადად ამ სტატუსითაც ყველას უფლებების დამცველი ვარ, ყველას ინტერესის წარმომადგენელი და მათ შორის, დიახ, ბიზნესის წარმომადგენელი და მათი ინტერესების წარმომადგენელიც, იმიტომ რომ, ვფიქრობ და მჯერა, რომ ამ სექტორის მამოძრავებელი ძალა არის, რა თქმა უნდა, კერძო სექტორი და ბიზნესის სიძლიერეზეა დამოკიდებული რამდენად ძლიერი იქნება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ეკონომიკა და ყველანაირი უფლების დაცვა და სახელმწიფოს მშენებლობა პირდაპირ პროპორციულად დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ძლიერია კერძო სექტორი და ეკონომიკა“, - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

საბოლოოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ცვლილებების ინიციატორს აღნიშნული პუნქტის კოდექსში დატოვების წინადადება შესთავაზა. „გთავაზობთ, რომ მე-2 მუხლის მესამე პუნქტი დარჩეს შრომის კოდექსში ანუ არ იყოს ამოღებული. შესაბამისად, ის დისკუსია, რაც აქ წარმოიშვა, იქნება გათვალისწინებული და ორ სხვადასხვა პუნქტში - როგორც წინასახელშეკრულებო, ისე სახელშეკრულებო პერიოდებში დისკრიმინაციის პრევენციის მიზნით ჩადებული რეგულაციები დარჩება იქ, სადაც იქ არის. შესაბამისად, გთავაზობთ, კანონპროექტს ამ დათქმით ვუყაროთ კენჭი“, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.

მიხეილ დაუშვილმა წარმოდგენილი წინადადება მიზანშეწონილად მიიჩნია და საბოლოოდ, პარლამენტმა კანონპროექტი აღნიშნული დათქმით დაამტკიცა. რაც შეეხება ცვლილებების პაკეტში შემავალ კიდევ ორ კანონპროექტს, დამატებითი კონსულტაციების გამართვის მიზნით, მათი კენჭისყრა 5 იანვრის სხდომისთვის გადაიდო.