მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბლექ სი არენას" კონცერტებზე ტურისტები ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოვლენ - Art Travel

64428f063cd87
ანუკა ჯოხაძე
23.04.23 16:32
4307
„Black Sea Arena“ საქართველოში მასშტაბურ კამპანიას - „Starring Georgia“ იწყებს. კამპანიის გაცხადებული მიზანი ქვეყნის პოპულარიზაცია, საქართველოს ტურისტული, ეკონომიკური და კულტურული პოტენციალის გაძლიერებაა.

ამ იდეის განხორციელებით, ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო ისეთი პოპულარული არტისტების მასპინძელი გახდება, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ.

როგორც ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, დაგეგმილ კონცერტებს ქვეყანაში ტურისტულ ნაკადებზე დადებითი გავლენა ექნება. სექტორის მოლოდინია, რომ საქართველოს ამ მიზნით ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან ეწვევიან, რომლებიც სეზონზე საქართველოს ისედაც სტუმრობდნენ.

“ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა ჩვენი მეზობელი ქვეყნები - სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი - ტურისტების ძალიან დიდი ნაკადი შემოვა. მითუმეტეს, ეს არის აგვისტოს პერიოდი და ალბათ ძალიან ბევრი კომბინირებული ტური გაკეთდება კონცერტთან ერთად, როგორც საზღვაო, ისე სამთო მიმართულებით.

ამასთან, ყველა სოლო მომღერალს თუ ჯგუფს თავისი ისეთი გულშემატკივარი ჰყავს, რომლებიც ყველგან დაჰყვებიან. ალბათ კონცერტზე ეს ევროპული სეგმენტიც იქნება. ხოლო ევროპის იმ ქვეყნებზე, სადაც კონცერტები უკვე დაანონსებულია, გათვლას ვერ გავაკეთებთ. მაგრამ იქ, სადაც კონცერტი არ არის დაგეგმილი და არც მეზობლად იგეგმება, ალბათ მათთვის საინტერესო ვიქნებით", - აცხადებს კომპანია Art Travel-ის დამფუძნებელი ანასტასია გაბუნია.

კონცერტების სესია შეკვეთილში 5 აგვისტოს ნაილ როჯერსისა და მისი ბენდის კონცერტით გაიხსნება, ხოლო 31 აგვისტოს თბილისში Imagine Dragons–ს გამოსვლით დასრულდება.

საერთაშორისო დონის ვარსკვლავების საქართველოში ჩამოყვანაზე პრემიერის რამდენიმე თვის წინანდელი ანონსის მიხედვით, 2 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 70 მლნ ლარი უნდა დაიხარჯოს. რამდენს იხდის გადასახადის გადამხდელი უკვე დაანონსებულ კონცერტებში, ეს ჯერ გასაჯაროებული არ არის.