მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბორჯომის დასაქმებულებს 2 თვის ხელფასი არ მიუღიათ“ - აქციის მე-7 დღე

629dac4a800c9
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.22 11:35
854
„ბორჯომის“ ქარხნის თანამშრომლები სრულმასშტაბიანი აქციის მე-7 დღეს აცხადებენ, რომ კომპანია მათ კუთვნილ 2 თვის ხელფასს არ ურიცხავთ და რეგიონებიდან, ასევე რუსეთიდან და უკრაინიდან მუშახელი ჩამოყავთ. ამის შესახებ BM.GE-ის აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე გიორგი დიასამიძემ განუცხადა, რომელიც ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულთა უფლებებს იცავს.

მისი ინფორმაციით, დღეს აქციაზე 400-სზე მეტი თანამშრომელია და ისინი თავისი პროტესტით მართლწესრიგს არ არღვევენ.

„ბორჯომის ქარხნის დასაქმებულებს 2 თვის ხელფასები არ დარიცხვიათ და დღეს სხვა მოთხოვნებთან ერთად ჩვენ ამ ხელფასების დაუყოვნებელ დარიცხვას ვითხოვთ. ამ ადამიანებს საბანკო ვალდებულებები აქვთ და თავის კუთვნილ ხელფასებს ითხოვენ.

დღეს ბორჯომის ქარხნის დასაქმებულები ყველანი აქციაზე არიან, აქციას ადმინისტრაციის ნაწილიც შემოუერთდა, თუმცა ტოპ-მენეჯმენტი ცდილობს, დასაქმებულები ქარხანაში შეიყვანოს. ჩვენი პროტესტით არაფერს ვარღვევთ და თანამშრომლები ქარხანაში პრობლემის გადაწყვეტამდე არ შევლენ“, - აცხადებს გიორგი დიასამიძე.

„აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათი ინფორმაციით, ადმინისტრაციას დასაქმებულებს შორის უთანხმოების გაჩენას ცდილობს და დღეს უკვე აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ადმინისტრაციასთან საუბარი არ უნდათ. ამასთან, გვაქვს ინფორმაცია, რომ უკრაინიდან და რუსეთიდან ხალხი ჩამოჰყავთ, ასევე ქარხანაში სამუშაოდ რეგიონებიდან ჩამოჰყავთ მუშახელი, ცდილობენ ძველი მუშახელის ჩანაცვლებას და 5-6-ჯერ მეტ ხელფასს აძლევენ“, - უთხრა BM.GE-ს პროტესტის მონაწილეების წარმომადგენელმა და დასძინა, რომ „ბორჯომი ჩვენი ქვეყნის სიმბოლო და ჩვენი ქვეყნის ელჩია. ხელისუფლებამ რაც შეიძლება სწრაფად და დროულად უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები“.

ცნობისთვის: „ბორჯომის“ გაფიცულ თანამშრომლებს შემდეგი მოთხოვნები აქვთ:

1. 50 უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლის სამსახურში დაბრუნება.
2. ძველ სახელშეკრულებო პირობებზე დაბრუნება;
3. 3-6-თვიანი და 1-წლიანი ხანგრძლივობის ხელშეკრულებების უვადოზე ხელშეკრულებებით შეცვლა;
4. იძულება, შანტაჟსა და მუქარაში შემჩნეული ადმინისტრაციის თანამშრომლების გათავისუფლება.

უპასუხებს თუ არა გაფიცული თანამშრომლების ბრალდებებს „აი დი ეს ბორჯომის საქართველო“, BM.GE მათ პასუხს მიღებისთანავე  შემოგთავაზებთ.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

კომპანიის მხრიდან წარმოების გაჩერების შესახებ აპრილში გაკეთებული განცხადების შემდეგ, ადმინისტრაციის მიერ დასაქმებულებისთვის შეთავაზებული ახალი სამუშაო ხელშეკრულებების გამო უთანხმოება წარმოიშვა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის მხარდაჭერითა და ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით მედიაციის პროცესი დაიწყო, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.