მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფომ დასაქმებულები უნდა დაიცვას" - "ევოლუშენთან" პროტესტი გრძელდება

ევო

"ევოლუშენ ჯორჯიას" H შენობასთან საპროტესტო-სოლიდარობის აქცია, რომელიც დილის 06:00 საათიდან განახლდა, კვლავ გრძელდება. როგორც პროფკავშირ "ლაბორის" ხელმძღვანელი, გიორგი დიასამიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, პარალიზებულია შენობა, რომლითაც კომპანიის HR-ები და მენეჯერები სარგებლობენ. ასევე არ მუშაობს შენობა, საიდანაც აზარტული თამაშების ტრანსლაცია ხდება.

"ლაბორის" ინფორმაციით, "ევოლუშენ ჯორჯიას" თანამშრომლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართეს, თუმცა კომპანიის მხრიდან უკუკავშირი კვლავ არ შედგა. გიორგი დიასამიძის თქმით, "იყო მხოლოდ მუქარა და დასაქმებულების დაშინების მცდელობა, რაც ახლაც გრძელდება".

უშედეგო აღმოჩნდა "ევოლუშენის" თანამშრომლებთან საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეხვედრაც.

გიორგი დიასამიძე განმარტავს, რომ სახელმწიფო უწყებები მიმდინარე პროცესებში არ ერევიან და საკუთარ ქვეყანაში დასაქმებულთა უფლებებს არ იცავენ.

"სახელმწიფო ამ შემთხვევაში საერთოდ არ ერევა ამ პროცესებში, რაც ძალიან გასაკვირია. რა ვიცი, ამ ქვეყნის დასაქმებულები არიან და როდესაც შრომის სტანდარტები დაცული არ არის, გაუსაძლის სამუშაო პირობებს სთავაზობენ მათ, რა მნიშვნელობა აქვს, რა კომპანიაა, სახელმწიფომ უნდა დაიცვას საკუთარი დასაქმებულები. ამ პროცესში არ ერევა სახელმწიფო, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს", - ამბობს "ლაბორის" ხელმძღვანელი.

ამ ეტაპზე უცნობია, რამდენიმე თანამშრომელი რჩება გაფიცული. დიასამიძის ინფორმაციით, ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, მათი აღრიცხვა არ ხდება: "44 დღეა, უხელფასოდ დარჩნენ თანამშრომლები. მათი ნაწილი საარსებო თანხის გამომუშავებისთვის შევიდნენ შენობაში, მაგრამ საპროტესტო პროცესი შიგნითაც შეიყოლეს. ნაწილი სხვა სამსახურებში გადავიდა, ნაწილი კი გაფიცვას აგრძელებს",- ამბობს ის.

გიორგი დიასამიძის თქმით, პროტესტი მანამ გაგრძელდება, ვიდრე "ევოლუშენ ჯორჯია" გაფიცულთა მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები