მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველი ევოლუშენ ჯორჯიას გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდა

ევოლუშენი
22.08.24 15:37
635

2024 წლის 22 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ირინე ჩიხლაძე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“ გაფიცულ თანამშრომლებს შეხვდნენ, მათ წინაშე არსებული გამოწვევებისა და მოთხოვნების შესახებ მოისმინეს.

გაფიცულებმა სამუშაო ადგილზე არსებული შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტებზე, ასევე, ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ, არაჰიგიენურ პირობებზე და ხელმძღვანელ პირთა მხრიდან ღირსების შემლახველ მოპყრობაზე ისაუბრეს.

"სახალხო დამცველმა, 2024 წლის 8 ივლისს, საკუთარი ინიციატივით დაიწყო შპს „ევოლუშენ ჯორჯიაში“ სავარაუდო დისკრიმინაციის წახალისების თაობაზე საქმის შესწავლა. საქმის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველმა მიმართა როგორც შრომის მთავარ ინსპექტორს, ისე შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“. სახალხო დამცველის აპარატი აგრძელებს საქმის შესწავლას და საბოლოო გადაწყვეტილებას მხარეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სრულყოფილი შესწავლის შემდეგ მიიღებს.

სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მხარეებს შორის არსებული კოლექტიური შრომითი დავის თითოეული საკითხი, ფაქტობრივად, სრულად შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ასევე, შრომითი ნორმების ეფექტიან გამოყენებას მიემართება. ამდენად, კერძო სექტორზე ზედამხედველობის შეზღუდული მანდატის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოკლებულია შესაძლებლობას, მედიაციის პროცესს უხელმძღვანელოს.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შპს „ევოლუშენ ჯორჯიას“, შრომის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაუყოვნებლივ დაიწყოს გაფიცულ დასაქმებულებთან თანამშრომლობა და უზრუნველყოს შემათანხმებელი პროცედურების დროული და ეფექტიანად წარმართვა,"- ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები