31.მაისი .2022 11:00

„ბორჯომის“ ქარხნის 400-მდე დასაქმებული გაიფიცა - „გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება“

„ბორჯომის“ ქარხნის 400-მდე დასაქმებული გაიფიცა - „გაფიცვა მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება“
views 778
უკან

ბორჯომის ქარხნის მიმდებარედ დღეს, 6:00 საათიდან კომპანიის 400-მდე დასაქმებულის გაფიცვა დაიწყო. ინფორმაციას აგრარულ მეურნეობაში, ვაჭრობასა და მრეწველობაში დასაქმებულთა პროფესიული კავშირი ავრცელებს.

BM.GE-სთან აღნიშნული პროფესიული კავშირის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა. მედიაციის პროცესის დაწყებიდან 21-ე დღეს კი დასაქმებულებს გაფიცვის უფლებით სარგებლობა შეუძლიათ. 

„დილის 6 საათიდან ბორჯომის ქარხანასთან დაიწყო დასაქმებულების სრულმასშტაბიანი აქცია. ჩვენი მოთხოვნებია 50 გათავისუფლებული ადამიანის აღგენა სამსახურში; ძველი ხელშეკრულების დაბრუნება, ხელფასების ზრდა 25%; 3-6 თვიანი და 1-წლიანი ხელშეკრულებით დასაქმებულების უვადო ხელშეკრულებებზე გადაყვანა, რადგან კომპანიაში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო ათავისუფლებენ ადამიანებს; შანტაჟსა და მუქარაში ჩართული ადმინისტრაციის თანამშრომლების სამსახურიდან გათავისუფლება. ამ ეტაპზე არანაირი კომუნიკაცია არ გვქონია და დამსაქმებლები ინდივიდუალურად ურეკავენ დასაქმებულებს და აშინებენ. ჩვენი ინფორმაციით, გენერალური დირექტორი აქ იმყოფება, თუმცა დასაქმებულებთან შეხვედრას არ ჩქარობს და ალბათ არც აპირებს“, - განაცხადა გიორგი დიასამიძემ და დასძინა, რომ „ეს უვადო გაფიცვაა და იქამდე არ დასრულდება, სანამ დასაქმებულთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“.

რა რეაგირება მოჰყვება ქარხანაში დასაქმებული თანამშრომლების გაფიცვას კომპანიის მხრიდან, ამის შესახებ bm.ge-მ უკვე მიმართა კითხვით "აიდიეს ბორჯომს". პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

ეკონომიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გუშინ, "ბორჯომის" აქციების ნაწილის სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით ახალი განმარტება გააკეთა. მან bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო მარეგულირებლებისგან, რათა სახელმწიფომ კომპანიაზე კონტროლი მოიპოვოს.

შეგახსენებთ, რომ "IDS ბორჯომის" მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. როგორც განცხადებაში იყო აღნიშნული, ამ ნაბიჯით შესაძლებელი გახდება, საწარმოო პროცესის აღდგენა და ქარხნის ამუშავება, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა შეჩერებულია. მიზეზი კი კომპანიის მეწილის მიხაილ ფრიდმანის დასანქცირება გახდა, რის გამოც "ბორჯომის" ანგარიშები გაიყინა.

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავისმხრივ სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონ დოლარად შეისყიდა.

ამჟამად, IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს. უშუალოდ კომპანია IDS Borjomi International-ს კვიპროსში რეგისტრირებულ კომპანია Rissa Investments Limited-ი ფლობს, (რომლის აქციონერებიც ალფა ჯგუფი და პატარაკაციშვილების ოჯახი არიან).

IDS Borjomi International-ის აქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

“აიდიეს ბორჯომი საქართველო” მისი შემოსავლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. ქვეყნების მიხედვით, მისი 2020 წლის შემოსავალი ასე ნაწილდება:

● რუსეთის ფედერაცია - $41.9 მილიონი;
● უკრაინა - $18 მილიონი;
● ლატვია, ესტონეთი და ლიეტუვა - $14.3 მილიონი;
● ყაზახეთი - $13 მილიონი;
● საქართველო - $11 მილიონი;
● ბელარუსი - $6.4 მილიონი;
● უზბეკეთი - $2.2 მილიონი;
● აზერბაიჯანი - $1.3 მილიონი;
● სხვა ქვეყნები - $11.2 მილიონი.