მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვიცე-პრემიერი "ბორჯომის" თემაზე მორიგ განცხადებას აკეთებს

6294e1a0f3c58
შოთა ტყეშელაშვილი
30.05.22 19:25
1238
ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი "ბორჯომის" გადაცემასთან დაკავშირებით ახალ განმარტებას აკეთებს. მან bm.ge-ის კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გრძელდება მოლაპარაკებები საერთაშორისო მარეგულირებლებისგან, რათა კომპანიაზე კონტროლი მოიპოვოს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც bm.ge-იმ ეკონომიკის მინისტრს ჰკითხა, "ბორჯომში" არსებული შრომითი დავაა, რასთან დაკავშირებითაც, მინისტრი ამბობს, რომ ეს კომპანიის მენეჯმენტის და დასაქმებულების მოლაპარაკების საკითხს წარმოადგენს.

"კომპანიის მენეჯმენტი ურთიერთობს დასაქმებულებთან. ეს ერთი საკითხია, მეორე საკითხია როგორ მოახდენს სახელმწიფო ამ კომპანიის სანქცირებული მესაკუთრეებისგან აქციათა პაკეტის მიღებას იმგვარად, რომ კომპანიაზე მოახდინოს კონტროლი და ამ შემთხვევაში უკვე პირდაპირი და პირადი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდება, თუმცა არაერთხელ აღვნიშნე ამასთან დაკავშირებით, რომ ეს არ არის მარტივი პროცესი და ძალიან ბევრ ნიუანსს მოიცავს თავის თავში, მათ შორის არაერთი საერთაშორისო მარეგულირებლის მიერ დაწესებული სანქციების შეფასებას ითვალისწინებს, რათა ჩვენი მხრიდან პასუხისმგებლიანი და სწორი ნაბიჯი გადაიდგას. ამას დასჭირდა დრო", - bm.ge-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ცნობისთვის, 19 მაისს "IDS ბორჯომმა" ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში განაცხადეს, რომ IDS Borjomi-ის აქციების ნაწილის გადაცემის საკითხს ორი უწყება შეისწავლიდა. თუმცა მას შემდეგ დამატებითი დეტალების შესახებ მთავრობას საზოგადოებისთვის ინფორმაცია აღარ მიუწოდებია. დღეს კი პარლამენტში მისულ ეკონომიკის მინისტრს განმარტების გაკეთება მოუწია.

IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული "ალფა ჯგუფი" (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ, სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია. "ალფა" ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონად შეისყიდა. შედეგად, ამჟამად IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს "ალფა ჯგუფი"; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.