მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია ნაბიჯები - რვა ორგანიზაცია

64748641219a2
BM.GE
29.05.23 15:15
856
ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაციების ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ორგანიზაციების წარმომადგენლები 22-25 მაისს იმყოფებოდნენ ბრიუსელში, სადაც ევროკავშირის ინსტიტუტებისა და წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართეს.

შეხვედრების მიზანს საქართველოსთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით ადვოკატირება წარმოადგენდა.

“შეხვედრებზე მეტ-ნაკლებად დადებითად შეფასდა ძალისხმევა და გადადგმული ნაბიჯები სხვადასხვა პრიორიტეტების შესრულებაში. სამწუხაროდ, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობად წარმოდგენილი რეფორმების ისეთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტების არაჯეროვანი შესრულების თვალსაზრისით, როგორებიცაა დეპოლარიზაცია, დამოუკიდებელი სასამართლო, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი მედია და გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. ხაზგასმით აღინიშნა ქართული მხარის მხრიდან ამ რეფორმების გასატარებლად საჭირო პოლიტიკური ნების ნაკლებობა.

ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებმა კვლავ გამოხატეს იმედგაცრუება რუსეთთან პირდაპირი ფრენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ის არ შეესაბამება ევროკავშირში გაწევრების სულისკვეთებას და წინააღმდეგობაშია ევროკავშირის ერთიან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. შეშფოთება გამოითქვა საქართველოში ევროკავშირის მიერ სანქცირებული რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოჯახის წევრების ვიზიტთან დაკავშირებით.

შეხვედრებზე ასევე ხაზი გაესვა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიული რიტორიკის დაუშვებლობას, რაც „რუსული კანონის“ გაწვევის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა.

ევროკავშირში ნათლად ხედავენ და აფასებენ ქართველი ხალხის ძალისხმევას დაიცვას ქვეყნის ევროპული კურსი, თუმცა კანდიდატის სტატუსის მისაღებად ეს შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს, რადგან ამ მხრივ საჭიროა 12 პრიორიტეტის შესრულება, რაც უპირველეს ყოვლისა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

ევროკომისიის მიერ საქართველოს შეფასების ანგარიშის წარდგენამდე დაახლოებით 5 თვეა დარჩენილი. მმართველი პარტიისგან განსხვავებით, ბრიუსელში მიიჩნევენ, რომ 12 პუნქტის შესასრულებლად ჯერ კიდევ გადასადგმელია მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება, აჩვენოს პოლიტიკური ნება, ევროპულ ღირებულებებთან ერთგულება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები.

ჩვენ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები კვლავაც ვაგრძელებდეთ მუშაობას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, ღია საზოგადოების ფონდი; დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი; სასამართლოს გუშაგი; საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა; საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი; მმართველობის მონიტორინგის ცენტრი; საქართველოს რეფორმების ასოციაცია; პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის; საფარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები