მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CENN პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად კონკურსს აცხადებს

64146141df07d
სალომე ხიდურელი
17.03.23 16:48
736
არასამთავრობო ორგანიზაცია CENN, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან და BMG-სთან პარტნიორობით, პლასტმასით გარემოს დაბინძურების შესაჩერებლად კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook გვერდზე ვრცელდება.

„თუ გსურთ, რომ გახდეთ 2023 წლის „მწვანე კომპანია/ორგანიზაცია“, თქვენი წვლილი შეიტანოთ პლასტმასით დაბინძურების შემცირებაში, საერთაშორისო ექსპერტებისა და CENN-ის გუნდის ჩართულობით მიიღოთ კონსულტაციები პლასტმასის ნარჩენების მართვის შესახებ, მაშინ გაეცანით პირობებს და გაიარეთ რეგისტრაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კომპანიებმა და ორგანიზაციებმა უნდა შეისწავლონ რა ტიპის ერთჯერადი პლასტმასის ნივთებს იყენებენ და უნდა დათქვან, რომელ ნივთებს, დაახლოებით რა რაოდენობით შეამცირებენ.

CENN კონკურსში მონაწილეობის მისაღებად როგორც საჯარო, ასევე კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებს იწვევს.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული, რომლებსაც სპეციალური პრიზები გადაეცემათ. რეგისტრაციის ბოლო ვადა 2023 წლის 24 მარტია.

კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: "ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება" ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.