CENN-მა USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით პროექტი “საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში“ აწარმოა, რომლის ფარგლებშიც სპეციალური ღონისძიებაც გაიმართა,პანელურ დისკუსიებით, ვიზუალური მასალების გამოფენით და პროექტის ფარგლებში გამარჯვებული ჟურნალისტების დაჯილდოებითაც.
როგორც The USAID Economic Security Program-ის პროგრამის წარმომადგენელმა, მაია ნიჟარაძემ BMG-ს გადაცემა „ბიზნეს კვირეულში“ განაცხადა, ნარჩენების მართვა ერთ-ერთი სექტორია, რომლის განვითარებასაც, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აქტიურად აფინანსებს.
მისი ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მექანიზმით იმ კომპანიებს ეხმარებიან, რომლებიც ნარჩენების მართვაში არიან ჩართული. ამასთან, ისინი არა მხოლოდ ასოციაციის ან სექტორის ხელშეწყობაზე არიან ორიენტირებული, არამედ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებაზეც მუშაობენ.
„კონკრეტულად ამ პროგრამისთვის ეს, ბოლო წელიწადია და მალე დასრულდება, თუმცა ვიმედოვნებ, რომ USAID ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს. საქართველოში ძალიან ბევრი გამოწვევაა, მათ შორის ნარჩენების სეპარირება. ასევე, ის კომპანიები, რომლებიც ნარჩენების მართვაში არიან ჩართულები, ამ ნარჩენების შეგროვება და გადამუშავება გამოწვევაა.
გადამუშავების ნაწილში, მათ სჭირდებათ ფინანსები და თანამედროვე ტექნოლოგიები, რაც ხელმისაწვდომი ხშირ შემთხვევაში არაა და USAID კერძო სექტორს სწორედ ამ მიმართულებით ეხმარება. გარდა იმისა, რომ კერძო სექტორს დავეხმარეთ, ასევე საკანონმდებლო ჭრილშიც არაერთი ნაბიჯი გადაიდგა, რათა ნარჩენების მართვის მენეჯმენტი უფრო გაუმჯობესდეს“, - აცხადებს ნიჟარაძე.
მისივე ცნობით, B2B შეხვედრის ფარგლებში, ერთმანეთს კერძო სექტორის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ, რომლებიც ერთმანეთს გამოცდილებას ასევე, ამ პატარა ინიციატივით წლის ჭრილში უზიარებდნენ რამდენი პლასტმასა მოაგროვეს.
The USAID Economic Security Program-ის პროგრამის წარმომადგენლის თქმით, როდესაც აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო დონეზე შემოვა, გარკვეული პლატფორმა იქნება, სადაც კერძო სექტორი მზად იქნება, რომ აქტიურად ჩაერთოს ამ კუთხით.
ინფორმაციისთვის, „ნარჩენების მართვის კოდექსში“ ცვლილებები შედის. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების 6 კანონქვემდებარე აქტიდან 4 ძალაში უკვე შევიდა. რეფორმის ფარგლებში, ნარჩენების მართვის ვალდებულება უკვე აქვთ ელექტრონული მოწყობილობების, ავტომობილის ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების იმპორტიორ კომპანიებს. დარჩენილი 2 რეგლამენტი, რომელიც მეორად ავტომობილებს და მოცულობით ყველაზე დიდ, შესაფუთ ნარჩენებს ეხება, რამდენიმე წელია დამტკიცების მოლოდინშია.