19.მაისი .2022 22:20

თაღლითობა ინტერნეტ სივრცეში - "პოლიციამ გამოძიება უნდა გააუმჯობესოს"

თაღლითობა ინტერნეტ სივრცეში - "პოლიციამ გამოძიება უნდა გააუმჯობესოს"
views 1053
უკან

კიბერ თაღლითობის ახალი ტალღა დაიწყო. დამნაშავეები მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებსა და საბანკო ბარათებზე თაღლითური გზით ინფორმაციის მოპოვებას ცდილობენ. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა შემთხვევები, როდესაც, მაგალითად, „მაიმარკეტის“ პლატფორმაზე განცხადების განმათავსებლებს, მათი განცხადებით, ვითომ დაინტერესებული პირები ეკონტაქტებიან და მათი პირადი მონაცემების თაღლითური გზით მითვისებას ცდილობენ.

„საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე გადაცემა „საქმიან დილაში“ კიბერთაღლითობის გააქტიურებულ ტალღაზე საუბრობს.

კეპულაძის თქმით, პოლიციის მხრიდან ხშირია ასეთ საქმეებზე თავის არიდების შემთხვევები, რაც კიბერთაღლითობას ახალისებს. მისივე თქმით, თაღლითების გამოვლენა საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა შეუძლებელი არ არის და შესაბამის უწყებებს ასეთი საქმეების მინიმუმ გამოძიების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეთ.

„ხშირია შემთხვევები, როდესაც ინტერნეტით ნივთების გაყიდვის დროს ადამიანებს სხვადასხვა პლატფორმებზე უკავშირდებიან და ბარათის მონაცემებს სთხოვენ, ეუბნებიან, რომ თანხის ჩასარიცხად სჭირდებათ. უპირველესად ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამისთვის ბარათის მონაცემები საჭირო არ არის და მხოლოდ ანგარიშის ნომერია საკმარისი. პოპულარული თაღლითობაა ბანკების სახელით გათამაშებების შეთავაზებაც, გადარიცხვებს კრიპტოვალუტის სახით ითხოვენ, აქ მთავარი მიზანი პირადი მონაცემების მოპოვებაა.

ცალკე საკითხია ამ თემების გამოძიება. ხშირად გვიკავშირდებიან კიბერთაღლითობის მსხვერპლები და ამბობენ, რომ მათ პოლიციას მიმართეს, მაგრამ პოლიციამ საქმე თავიდან აიცილა. გასაგებია, რომ არც ერთ პოლიციას გაუხსნელი საქმეები არ უყვარს, შესაძლოა ასეთი საქმეები მათ კარიერაზე კარგად არ აისახება და თაღლითების გამოვლენა რთულია, მაგრამ თუ თაღლითებმა შეძლეს და ფულის მოპარვის ტექნოლოგიები დახვეწეს, პოლიციამ გამოძიება უნდა გააუმჯობესოს“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა