მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენნაირი ობიექტებისთვის სოციალური ღონისძიებების დაშვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - "თაშრე"

615db3155caa5
ინგა მურუსიძე
06.10.21 23:00
937
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტების სამუშაო დრომ 1 საათით გადაიწია და ნაცვლად 22:00 საათისა, მუშაობა 23:00 საათამდე შეუძლიათ. რესტორატორთა ნაწილი ამბობს, რომ ერთი საათით მუშაობის გახანგრძლივებას ბიზნესისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ესეც რაღაცას ნიშნავს.

რესტორან „თაშრეს“ მენეჯერი, მაკა ცაბუტაშვილი bm.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ სამუშაო დროის გახანგრძლივება ბევრს არა, თუმცა „რაღაცას მაინც ნიშნავს“.

„ეს ბევრს არაფერს ცვლის, თუმცა მინიმალისტურ ცვლილებას გვაძლევს და 10 საათზე არ გვიწევს სტუმრებთან „ჭიდაობა“, რომ დატოვონ რესტორანი“, - აცხადებს მაკა ცაბუტაშვილი.

ის ფიქრობს, რომ ბიზნესის გადარჩენისთვის საჭიროა სოციალური ღონისძიებების დაშვება.

„სასადილოდ შემოსული ადამიანები ჩვენთან ამინდს ვერ ქმნიან. ისეთი ტიპის ობიექტებისთვის, როგორიც „თაშრეა“, მნიშვნელოვანია დაშვებული იყოს სოციალური ღონისძიებები. როგორც ვიცით, ეპიდემიოლოგები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამას, რადგან ფიქრობენ, რომ მთავარი ინფიცირების წყაროა, თუმცა მე პირადად ლოგიკას ვერ ვხედავ. სკოლები გაიხსნა, ტრანსპორტი გახსნილია, მოზარდებმა პირბადით უნდა იარონ რამდენიმე საათი. ვფიქრობ, აქ უფრო მკაცრები უნდა ყოფილიყვნენ“, - განაცხადა ცაბუტაშვილმა.

„თაშრეს“ მენეჯერი ამბობს, რომ რესტორანი მინიმალისტურად მუშაობს და უბრალოდ გადარჩენისთვის იბრძვის.

„თუ დიდი სუფრები არ გაკეთდა, რესტორნები არ მუშაობს. დიდი ქორწილი არ შეიძლება, დიდი დაბადების დღე არ შეიძლება, ნათლობა არ შეიძლება. 10 კაცზე მეტი ერთი კლასტერი არ შეიძლება რესტორანში, ეს დიდი პრობლემაა. სამი სართულია „თაშრე“ და ამ დრომდე მუშაობს ტერასა, პაბი, დანარჩენი ძირითადად გაჩერებულია. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ჩვენ ვიხდით კომუნალურებს, გვაქვს ვალდებულებები. გადარჩენაზე ვართ, თანამშრომლებიც გვეცოდება სახლში გასაშვებად. ბევრი რესტორანი დაიხურა, ბევრიც იხურება. ჩვენ ჯერჯერობით ასე თუ ისე ვახერხებთ მუშაობას. ძირითადად მიტანის სერვისზე“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესტორატორების ნაწილის პოზიციას კვების ობიექტებს მწვანე სტატუსის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ რესტორნებში მხოლოდ ვაქცინირებული ადამიანები უნდა შევიდნენ, ან ნეგატიური PCR-ტესტით, ცაბუტაშვილი ამბობს, რომ ეს დისკრიმინაციად იქნება აღქმული არავაქცინირებული ადამიანების მიმართ და ალბათ ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება ნეგატიური კუთხით გამოიწვევს ადამიანების გაყოფას და მესმის, რომ მთავრობას ამ მხრივ ბეწვის ხიდზე უწევს გავლა ჩვენთან დაკავშირებით. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დაზარალებული ვართ. მოსახლეობის ძალიან ცოტა ნაწილია ვაქცინირებული, ტესტის გაკეთება ხარჯებს უკავშირდება და მე მიკვირს რესტორატორების პოზიცია, ვისაც ეს პოზიცია აქვს“, - განაცხადა ცაბუტაშვილმა.

როგორც „თაშრეს“ მენეჯერი ამბობს, მუდმივად 12 თანამშრომელი ჰყავს რესტორანს დასაქმებული და ყველა მათგანი აცრილია, მენეჯმენტის ჩათვლით.