მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაოებზე მომსახურება გაძვირდა - საქსტატი

611bb98da1fb6
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 20:40
694
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, ელევატორებისა და სამაცივრე მეურნეობების გამოკვლევის II კვარტლის ძირითადი შედეგების მიხედვით, საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 20.0% - ქვემო ქართლში, 16.0% - კახეთში, 14.0% - იმერეთში, 12.0% - შიდა ქართლში, 12.0% - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 26.0% სხვა რეგიონებშია განთავსებული.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2021 წლის II კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში 83.6 ათასი სული პირუტყვი დაიკლა, მათ შორის 33% მსხვილფეხა, ხოლო 67% - წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა).

გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 678.0 ათასი ერთეულით განისაზღვრა.

 ამავე პუბლიკაციით ირკვევა, რომ სასაკლაოების მომსახურება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძვირდა. შესაბამისად ერთეული პირუტყვის დაკვლაზე მომსახურების საშუალო ფასმა შეადგინა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 30.0 ლარი, ცხვრის ან თხის - 14.2 ლარი, ხოლო ღორის - 26.5 ლარი. მაშინ როდესაც პირველ კვარტალში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაკვლის საფასური - 29.1 ლარი, ცხვრის ან თხის - 13.2 ლარი, ხოლო ღორის - 25.7 ლარი იყო.

სასაკლაოების მიერ 2021 წლის II კვარტლში 9 174.9 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 32.7% მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 41.4% - ფრინველის, 24.4% - ღორის, 1.3% - ცხვრისა და თხის ხორცზე მოდის, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია.

მომსახურება გაეწია 7.7 ათას პირს, საიდანაც 28.9% შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 837 კაცი შეადგინა.