04.ივნისი .2020 19:44

COVID-19-ის ეფექტი - პირველ კვარტალში მთავრობის მივლინებები 14%-ით შემცირდა

views 597
უკან

COVID-19-ის კრიზისის ფონზე, სოციალური დისტანიცრებისა და საავიაციო მიმოსვლის შეჩერების გამო, სახელმწიფოებმა ათასობით საერთაშორისო კონფერენცია და შეხვედრა გააუქმეს ან ისინი Zoom-ის ან Webex-ის შეხვედრებით ჩაანაცვლეს. ამის გამო, შემცირდა ის თანხაც, რომელსაც საქართველოს მთავრობა მივლინებებზე ხარჯავდა. 

2020 წლის ბიუჯეტის შესრულების პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის მიხედვით, ჯამურად, მთავრობის მიერ მივლინებებზე დახარჯული თანხა 15,513,000 ლარს შეადგენდა. ეს 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 1,802,800 ლარით, ანუ 14%-ით ნაკლებია.

2019 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს მთავრობამ მივლინებებზე ჯამურად 80,815,000 ლარი დახარჯა - ეს 2018 წელთან შედარებით 6.9%-ით, ანუ 5,196,000 ლარით მეტი იყო.

ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტში წარდგენილი BDD დოკუმენტის მიხედვით, მთავრობა 2020 წლის განმავლობაში ადმინისტრაციული ხარჯების და კაპიტალური ხარჯების ნაწილის 600 მილიონი ლარით შეზღუდვას გეგმავს. მათ შორის საუბარია მივლინებების შეკვეცაზეც. 

"მაქსიმალურად მცირდება ადმინისტრაციული ხარჯები, წარმომადგენლობითი და მივლინების ხარჯები, სპეციალიზებული დაწესებულებების გარდა მნიშვნელოვნად მცირდება საწვავის ხარჯები, მაქსიმალურად შეიზღუდება ვაკანსიების შევსება და სრულად იქნება ამოღებული საპრემიო რესურსი,"- ნათქვამია BDD დოკუმენტში.