მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეაჩერებს თუ არა IMF-ი პროგრამას? – ინტერვიუ მიხეილ კუკავასთან

648caa14ddea3
ელენე კვანჭილაშვილი
16.06.23 23:32
673
‘საქმიან დილა’–ში ელენე კვანჭილაშვილის ‘ანალიტიკა’ სებ–ის დამოუკიდებლობის თემაზე IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელს მიხეილ კუკავას ესაუბრა.

მისი თქმით, საერთშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის შეჩერება სრულიად რეალურია, თუკი მმართველი ძალა მაინც შეძლებს, რომ პოლიტიკური გუნდის წევრი მოიყვანოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. „ეს იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა ჩვენი ქვეყნისთვის“ – ამბობს მიხეილ კუკავა.

აქვე შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი პარლამენტს მოუწოდებდა არ დაძლეულიყო ეროვნული ბანკის შესახებ კანონზე პრეზიდენტის ვეტო. რამდენიმე დღის წინ IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა ‘ანალიტიკა’–სთვის ექსკლუზიურად მოწოდებულ პასუხში აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდი პარლამენტის გადაწყვეტილებით გაოგნებული იყო.

BMG გთავაზობთ ამონარიდს IDFI-ის სოციალური და ეკონომიკური მიმართულებების ხელმძღვანელთან, მიხეილ კუკავასთან ინტერვიუდან.

-მიშა, რა მოლოდინი გაქვთ – შესაძლოა, პროგრამის შეჩერებამდე მივიდეს საქმე. ამაზე წავა მმართველი გუნდი?

-ელენე, ძალიან იშვიათად მახსენდება სავალუტო ფონდის ასეთი განცხადება პროგრამის შეჩერების შესახებ. ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. სავალუტო ფონდსა და ეროვნულ ბანკს შორის არსებობს სრული ურთიერთგაგება ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასთან დაკავშირებით და სწორედ აქ ხედავს სერიოზულ საფრთხეს სავალუტო ფონდი. სხვა შემთხვევაში ის მკვეთრ განცხადებას არ გააკეთებდა. პროგრამის შეჩერება სრულიად რეალურია თუ მმართველი გუნდი გააგრძელებს თავის მცდელობას, პოლიტიკური გუნდის წევრი მოიყვანოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად. ეს იქნება ძალიან სერიოზული უკუსვლა ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვაქვს უახლოეს ისტორიაში ასეთი შემთხვევა – თუ არ ჩავთვლით იმ დროს, როდესაც მმართველი გუნდი ცდილობდა, ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკისგან გამოეცალკევებინა. მაშინაც იყო შეტევა ეროვნულ ბანკზე, მაგრამ ასეთ მკვეთრ განცხადებებამდე საქმე მაშინაც კი არ მისულა.

-მიშა, გაგიზიარებთ მე როგორ ვხედავ დღეს შექმნილ ვითარებას. მგონია, რომ იგივე ინვესტორებისთვის, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებისთვის გაცილებით ნაკლები გავლენა ექნებოდა იმ ფატს, საქართველოს რომ არ ჰქონოდა ეს პროგრამა და მიეღო. განსხვავებით დღეს არსებული ვითარებისგან, როცა საქართველოს აქვს IMF-ის ე.წ. Stand-by პროგრამა – თან როგორ კონკურენტულ გარემოში მოპოვებული პროგრამა პანდემიის, ომის დროს და ეს რესურსები შეზღუდული იყო მათ შორის IMF–ისთვისაც – და უცებ აღმოჩნდება, რომ ეს პროგრამა გაქრა, ოღონდ არა იმიტომ, რომ მთავრობა და სავალუტო ფონდი – ორივე მხარე ამაზე შეთანხმდა, არამედ იმიტომ, რომ IMF–მა პროგრამის უკან წაღება განიხილა, როგორც სანქცია, როგორც დასჯის მექანიზმი .. მომყვებით ამ ლოგიკაში?

-აბსოლუტურად გეთანხმებით, ელენე. ამ პერიოდში ბევრი ქვეყნის საკრედიტო რეიტინგი გაუარესდა, საინვესტიციო რეიტინგები იქცა სპეკულატიურ რეიტინგებად იმის გამო, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სკეპტიციზმის საფუძველი გახდა მთავრობების მოქმედებები. ამდენად, აქ არის ძალიან სერიოზულად დაფიქრება საჭირო. ის, რაც დღეს ვიწროპარტიულ ინტერესად ჩანს, შესაძლოა უკან ცუდად მოუბრუნდეს არა მხოლოდ ქვეყანას, არამედ, თავად მმართველ ძალასაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები