მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-19-ის გავრცელების შეკავების ერთ-ერთი ეფექტური საშუალება მასობრივი ტესტირებაა – Gnomon Wise

5e9dc5b77d8dc
BM.GE
20.04.20 20:25
1814
ახალი კორონავირუსის ეპიდემიამ, მსოფლიო მასშტაბით, ხელისუფლებები და საზოგადოებები არაერთი გამოწვევის წინაშე დააყენა. მათგან უმთავრესი გამოწვევა ეპიდემიის დამარცხება და დამარცხების კვალდაკვალ, მიმდინარე და მოსალოდნელი ეკონომიკური თუ სოციალური კრიზისის შერბილება/თავიდან არიდებაა. ამის შესახებ საუბარია Gnomon Wise-ის პოლიტიკის დოკუმენტის ძირითად მიგნებებში.

ქვეყნების მიხედვით, გარკვეული თვალსაზრისით, ეპიდემიაზე რეაგირების მოდელები მსგავსია, თუმცა მათი შესაძლებლობებიდან და მახასიათებლებიდან გამომდინარე, იკვეთება მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. შვიდი ქვეყნის (ჩინეთი, იტალია, შვედეთი, ტაივანი, გერმანია, სამხრეთ კორეა და იაპონია) ეპიდემიაზე რეაგირების მოდელების ანალიზმა აჩვენა, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების შეკავების თვალსაზრისით, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება მასობრივი ტესტირებაა. იმ ქვეყნებმა, რომლებმაც მასობრივ ტესტირებას მიმართეს და არ მოახდინეს მხოლოდ სიმპტომური პაციენტების გამოკვლევა, აშკარად, კარგი შედეგები აჩვენეს როგორც ვირუსის გავრცელების შეკავების, ისე სიკვდილიანობის შემცირების ნაწილში. ქვეყნის სრული „დაკეტვის და გაჩერების“ საჭიროება, რომ მაინცდამაინც არ არსებობს და მის გარეშეც შესაძლებელია ეპიდემიის მართვა, ამის კარგი დადასტურებაა, მაგალითად, როგორც სამხრეთ კორეის, ისე იაპონიისა და შვედეთის ვირუსთან ბრძოლის სტრატეგიები. ეს ქვეყნები ერთ-ერთი ყველაზე უნარიანნი აღმოჩნდნენ ვირუსთან გამკლავების გზაზე და სხვა „დაკეტილ“ ქვეყნებთან შედარებით, შესაძლოა, გაცილებით უფრო მცირე მასშტაბის ეკონომიკური კრიზისი მიიღონ.

სხვადასხვა ქვეყნების სიტუაციურმა ანალიზმა აჩვენა ისიც, რომ ეპიდემიის შესაჩერებლად გადადგმული ნაბიჯები, არამხოლოდ ეკონომიკური ზარალის მომტანია, ის ხშირად ადამიანების სიკვდილის უშუალო მიზეზიც ხდება და ვლინდება როგორც მოკლე და საშუალო, ისე გრძელვადიან პერიოდში. მორალური დილემა, რომელიც ვირუსთან ბრძოლამ წარმოშვა საკმაოდ მძიმეა - ერთ მხარეს ვირუსით სიკვდილიანობის მაღალ რისკ ჯგუფში მყოფი ადამიანები არიან, ხოლო მეორე მხარეს, ადამიანები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის ფონზე, სხვა მიზეზებით, აგრეთვე, სიკვდილიანობის მაღალ რისკ ჯგუფში ექცევიან. შესაბამისად, ნაბიჯები რომლებიც ხელისუფლებამ უნდა გადადგას მიმართული უნდა იყოს კრიზისის ნეგატიური შედეგების დაძლევასა და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე. ეს უკანასკნელი კი ძნელად წარმოსადგენია თუ ხელისუფლება არ მიიღებს თამამ გადაწყვეტილებას და არ შეამცირებს/გააუქმებს გადასახადებს, არ შეამცირებს ბიუჯეტის ხარჯებს, მათ შორის სრულად ან ნაწილობრივ არ გააუქმებს რიგ სსიპ-ებს, ა(ა)იპ-ებსა და სახელმწიფო პროგრამებს.

ეპიდემიამ სამართლებრივი პრობლემებიც ნათლად დაგვანახა. საქართველოში ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდები კითხვის ნიშნებს აჩენს, როგორც პრეზიდენტის, ისე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და სასამართლოს მიმართ. იყო თუ-არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა და შეგვეძლო თუ-არა ამ ერთ-ერთი უკიდურესი ღონისძიების გარეშეც კრიზისის მართვა? არსებობს თუ-არა მისი გაგრძელების რეალური საჭიროება? რატომ ვერ მიიღო საზოგადოებამ გატარებული ზომების აუცილებლობის დასაბუთება? რამდენად გამართლებულია პრეზიდენტის მიერ დეკრეტით მთავრობაზე სრული უფლებამოსილების გადაცემა? რაც მთავარია, არ უნდა გამოგვრჩეს სასამართლო კონტროლის როლი, რომელმაც მაქსიმალურად უნდა გასცეს პასუხი კითხვას თუ რამდენად იყო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული ბალანსი ერთი მხრივ, საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვის ინტერესსა და მეორე მხრივ, ინდივიდის უფლებებსა და თავისუფლებებს შორის. ამასთან, მთავრობა ვალდებულია ამტკიცოს, რომ მის მიერ გატარებული ღონისძიებები იყო კანონით განსაზღვრული, აუცილებელი და პროპორციული საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

აღსანიშნავია ისიც, რომ ეპიდემიამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ინფორმაციის თავისუფლად მიღებისა და გავრცელების სასიცოცხლო მნიშვნელობა. დამკვიდრებული მოსაზრებით, თუ ჩინეთის ხელისუფლება არ დამალავდა და ხელს არ შეუშლიდა ახალ კორონავირუსზე ინფორმაციის გავრცელებას, შესაძლოა თავიდან აგვერიდებინა მსგავსი გლობალური კრიზისი ან/და როგორც მინიმუმ, ქვეყნები ეპიდემიას უფრო მომზადებული შეხვედროდნენ. აღნიშნული გაკვეთილი უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლებისა და უწყებისთვის, რათა გამჭვირვალედ და საზოგადოებასთან მეტი კომუნიკაციით იფუნქციონირონ. მაგალითისთვის, საქართველოში ინფლაციის მაღალი ტემპის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო გააღრმავებს მოსალოდნელ ეკონომიკურ კრიზისსა და გაზრდის უმუშევრობას, უმნიშვნელოვანესია, საქართველოს ეროვნული ბანკის ტრანსპარენტულობა, გამომდინარე იქიდან, რომ ამ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თითოეულ მოქალაქეზე ახდენს გავლენას მით უმეტეს, რომ ეს გადაწყვეტილებები კრიზისის დროს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.

ისევე როგორც სხვა მრავალ პრობლემასთან თუ საკითხთან მიმართებით, ეპიდემიასთან ბრძოლისასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საზოგადოებაში მიმდინარე ჯანსაღი დისკუსია და არსებული სიტუაციის კრიტიკული ანალიზი. საზოგადოების თითოეული წევრი მოწოდებული უნდა იყოს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ მიიღოს, როგორც ე.წ. პანაცეა, ჩაერთოს პროცესებში, რათა ერთობლივად გამოვნახოთ ეპიდემიისა და კრიზისის გადალახვის საუკეთესო გზები ისე, რომ მეორე მხარეს სხვა მნიშვნელოვანი ღირებულებები არ დავაზიანოთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები