მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

COVID-ით გარდაცვლილთა სტატისტიკა შეზღუდული და ურთიერთგამომრიცხავია - IDFI

61cd9fde0aeec
ინგა მურუსიძე
31.12.21 00:00
862
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. მას შემდეგ, 2021 წლის 27 დეკემბრის მონაცემებით, ჯამურად აღრიცხულია კორონავირუსის 924,066 დადასტურებული შემთხვევა, საიდანაც 13,583 პაციენტი გარდაიცვალა. 2021 წლის 26 დეკემბერს ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა კლინიკებში ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ კოვიდი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი. ტიკარაძემ აღნიშნა, რომ მუშაობენ იმ კლინიკებთან, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი მაღალია, თუმცა არ ასაჯაროებენ აღნიშნულის მიზეზებს. მისივე განმარტებით, არის კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არის კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) რამდენიმე თვეა იკვლევს Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლებს. ორგანიზაციისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, გარდაცვალების 9,306 შემთხვევიდან 2,863 შემთხვევაში გარდაცვლილის საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან სიკვდილამდე პერიოდს. შესაბამისად, მონაცემები აჩვენებდა რომ კოვიდით გარდაცვლილთა დაახლოებით 31%-ის შემთხვევაში ვირუსით დაინფიცირება დადასტურდა კლინიკაში მკურნალობის პერიოდში. მოწოდებული ინფორმაცია იძლეოდა ვარაუდის გაკეთების საშუალებას, რომ ერთი მხრივ, შესაძლებელია ასეთი მონაცემები უკავშირდებოდა მკურნალობის საწყის ეტაპზე ვირუსის დადასტურების პრობლემას, ხოლო, მეორე მხრივ, სამედიცინო დაწესებულებაში სხვა მიზეზით მოხვედრილი პაციენტების ადგილზე კოვიდით დაინფიცირების შემთხვევებს.

გარდა ამისა, 2021 წლის 22 დეკემბერს, IDFI-სთვის მიწოდებული განახლებული ინფორმაციით, გარდაცვლილი 11,679 პირიდან მხოლოდ 489 (4%) შემთხვევაში საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს. მაშინ როცა 2021 წლის 26 ოქტომბერს მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 9,306 გარდაცვალების შემთხვევიდან უკვე აღირიცხებოდა 2,863 (31%) მსგავსი შემთხვევა. შესაბამისად, სამინისტროს მიერ წარმოდგენილ განახლებულ მონაცემებში, მინიმუმ 2,379 გარდაცვლილი პირის კლინიკაში დაყოვნების ან დაინფიცირების პერიოდი იყო დაკორექტირებული.

22 დეკემბრის წერილით მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მსგავსი შემთხვევები, როდესაც საავადმყოფოში დაყოვნების პერიოდი აღემატებოდა დაინფიცირებიდან გარდაცვალებამდე პერიოდს, ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით 0%-დან 5%-მდე მერყეობს, ხოლო 26 ოქტომბრის წერილის მიხედვით 24%-დან 53%-მდე.

„იმ გარემოებების გათვალისწინებით რომ სამინისტროს მიერ სხვადასხვა პერიოდში შესაბამისი განმარტების გარეშე, მოწოდებულია ორი მნიშვნელოვნად განსხვავებული მონაცემი, შეუძლებელია სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსის შიდა გავრცელების რეალური მასშტაბის შეფასება.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2022 წლის 22 დეკემბერს მოწოდებული დაკორექტირებული მონაცემების გათვალისწინებით, ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა როგორც ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე, ასევე გარდაცვლილთა კლინიკაში დაყოვნების პროცენტული განაწილება. მაგალითად, ინფიცირების დადასტურებიდან 5 დღეზე ნაკლებ პერიოდში გარდაცვლილთა წილი 18,6%-დან 11,3%-მდე შემცირდა, ხოლო გარდაცვალებამდე კლინიკაში 5 დღეზე ნაკლები დაყოვნების მაჩვენებელი 14.2%-დან 19.2%-მდე გაიზარდა“, - ნათქვამია IDFI-ს ინფორმაციაში.

IDFI მოუწოდებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, უზრუნველყოს Covid-19-ით გარდაცვლილ პირთა სტატისტიკური მონაცემების, წინამდებარე სტატიაში განხილული მახასიათებლის მიხედვით საჯაროობა. ამასთან, საზოგადოებას მიაწოდოს დეტალური განმარტება ინფიცირებიდან გარდაცვალებამდე და კლინიკაში დაყოვნების დღეებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხვი მონაცემების მიზეზებთან დაკავშირებით და პროაქტიულად უზრუნველყოს მისი სიზუსტით ხელმისაწვდომობა.