მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დაგი": ზაარბრიუკენის მოედანსა და მშრალ ხიდზე არსებული ხარვეზების გამოსწორება მიმდინარეობს

5e0465e7bf9ab
ვიქტორია მღებრიშვილი
26.12.19 12:34
1266
ლაბორატორიამ მოგვწერა წერილი შენიშვნებთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გასწორება, - ამის შესახებ BM.GE-ის სამშენებლო კომპანია „დაგის“ ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ხელმძღვანელმა ოთარ ჩიკვაიძემ განუცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც ლაბორატორიიდან მოვიდა დასკვნა არსებული ხარვეზების შესახებ, აღდგენითი სამუშაოები დაიწყო მხოლოდ იმ მცირე მონაკვეთებზე, სადაც ეს ხარვეზები იყო.

„დიდი ნაწილი გამოსწორებულია, დანარჩენი, სავარაუდოდ, დღის ბოლომდე დასრულდება ყველა იმ დეფექტის ჩამონათვალის გასწორება, რაც ლაბორატორიამ მოიწერა.

იყო ხარვეზები გარკვეულ ადგილებზე და არა მთლიანად გზის საფარზე, რომელიც ლოკალურად გასწორდა. რა ფართობია ზუსტად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ მაგალითად გრძივად მიყვებოდა 10 სმ-იანი ზოლი. ჯამში, ალბათ 100 მ2 ზეა საუბარი რომ შევკრიბოთ“, - ამბობს ოთარ ჩიკვაიძე.

რაც შეეხება ფინანსებს, რომელიც კომპანიამ ხარვეზების გამოსწორებისთვის დახარჯა, პროექტის მენეჯერი ამბობს, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს ამის გასაჯაროვებას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ ზაარბრიუკენის და მშრალი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები "ძალიან უხარისხოდ არის შესრულებული" და კომპანიამ თავისი ხარჯებით თავიდან უნდა შეასრულოს.

თბილისის განვითარების ფონდის კონტრაქტორმა კომპანია „დაგიმ“, რომელიც აღნიშნული ტერტორიის რეაბილიტაციას ახორციელებს, გზის საფარის დაგების შემდეგ გარკვეული ლოკაციების ჩასწორება მანამდეც განახორციელა.

ცნობისთვის, პროექტ „ახალი ტფილისის“ მსხვილი არეალების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, მშრალ და ზაარბრიუკენის ხიდებს შორის ასფალტის საფარის ქვედა ფენის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში დედაენის და 9 მარტის ბაღები ერთმანეთს საფეხმავლო გვირაბით დაუკავშირდება. ასევე, აღნიშნულ ბაღებში ახალი ხე-მცენარეები დაირგვება და ტერიტორია სრულად კეთილმოეწყობა.

ამ ეტაპზე მშრალი ხიდის განაპირა ბურჯების, თაღის მალის ნაშენის ქვისა და აგურის წყობის რესტავრაცია-კონსერვაციის სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე ბოძკინტების მონტაჟი და გვირაბის შიდა მოსაპირკეთებელი სამუშაოები. გარდა ამისა, ხორციელდება ზაარბრიუკენის ხიდის კამარების სარეაბილიტაციო და საფეხმავლო ნაწილზე ბაზალტის ფილების მოწყობის სამუშაოები.

სამუშაოების ფარგლებში იგეგმება რეაბილიტირებული არეალის კეთილმოწყობაც, რაც გულისხმობს მხატვრების გამოფენა-გაყიდვისა და ძველი ნივთებით სავაჭრო სივრცის მოწესრიგებას.

პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები წლის ბოლოს დასრულდება და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა აღდგება. მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები კი, 2020 წლის გაზაფხულის ბოლოს დასრულდება. სამუშაოების ღირებულება 7 მილიონ ლარამდე შეადგენს.