მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დამოუკიდებლობის აღდგენის მესამე ათწლეული - პრივატიზაციის დაბალი ტემპი

5e271310a821e
ეგნატე შამუგია
23.01.20 09:45
4672
პრივატიზაცია საერთო (საჯარო) საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების პროცესია, რომელსაც სხვადასხვა ფორმა გააჩნია. აღნიშნული საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის აუცილებელი წინაპირობაა, რაც გამჭვირვალე და სამართლიანი პროცესის უზრუნველყოფას, კერძო საკუთრების სამართლებრივი გარანტიების და მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნას საჭიროებს. თავის მხრივ, პრივატიზაციას მიკრო და მაკრო დონეზე პოზიტური ეფექტი გააჩნია. კერძოდ, ემპირიულად დასტურდება, რომ სახელმწიფო კომპანიის განკერძოების შემდეგ მის მიერ წარმოებული პროდუქციის მოცულობა და მომგებიანობა იზრდება. აღნიშნული კი, უფრო მეტად თვალსაჩინო განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებშია. ეს კი, ეკონომიკურ ზრდასა და სამუშაო ადგილების შექმნაზე დადებითად აისახება.

საბჭოთა კავშირის დაშლისა და ყოფილი სოციალისტური რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე, უპირველესი ამოცანა ეკონომიკის სტრუქტურის რადიკალური ტრანსფორმაცია და საერთო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაცია იყო. აღნიშნულ პროცესს საქართველოც შეურთდა. საქართველოში ეს პროცესი 1992 წლიდან რიგი საკანონმდებლო აქტების მიღებით იწყება, რაც 1997 წლამდე გაგრძელდა. თუმცა, ამ პერიოდში განხორცილებული პრივატიზაციის მასშტაბები არც თუ ისე დიდი იყო. პრივატიზაციის პირველი ეტაპი საცხოვრებელი ბინებისა და მცირე ზომის საწარმოების კერძო საკუთრებაში გადაცემას გულისხმობდა. ძირითადად, ეს ეტაპი ე.წ. „ვაუჩერების“ სისტემით განხორციელდა, რომლის შედეგად მცირე ზომის 11.5 ათასი ობიექტი კერძო საკუთრებაში გადავიდა. პრივატიზაციის მეორე ტალღა 1998-2002 წლებში განხორციელდა, რომელიც წინა ეტაპთან შედარებით უფრო ფართომასშტაბიანი იყო. აღნიშნულ წლებში საკმაოდ ბევრი სახელმწიფო საწარმო გაიყიდა. საპრივატიზაციო ნუსხა დიდწილად ენერგეტიკის სექტორს უკავშირდებოდა. წინა ორ ეტაპთან შედარებით, პრივატიზაციის ბევრად მასშტაბური და სწრაფი ტემპი „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ იწყება. აღნიშნული პერიოდის ერთ-ერთი თვალსაჩინო პროცესი 2005 წელს მიღებული კანონი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ“ და სხვა სამართლებრივ აქტებია, რაც სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების განკერძოების სამართლებრივ საფუძვლებს ქმნის.

მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე პრივატიზაციის სამი ეტაპი განხორციელდა, სახელმწიფო საკუთრებაში კვლავ რჩება მთლიანი ქონების უდიდესი ნაწილი, რომლის პრივატიზაცია საბაზრო ეკონომიკის პირობებში აუცილებელია. უფრო მეტიც, კანონით შეზღუდულია ბუნებრივი რესურსების, სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის, ელექტროენერგეტიკული სექტორის დისპეტჩერიზაციის განმახორციელებელი ქონების და სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის გარკვეული კატეგორიის (მათ შორის, საძოვრები) გაყიდვა. თავის მხრივ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ქონებას ცენტრალურ და ადგილობრივ მთავრობები ფლობს. შესაბამისად, ქონების პრივატიზაციას ორივე - ცენტრალური და ადგილობრივი ორგანოები ახორციელებენ.

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში პრივატიზაციის მაღალი ტემპი 2005-2008 წლებს უკავშირდება. სწორედ, ამ პერიოდს იწყება ჯანდაცვის სექტორის პრივატიზაციის პროცესიც. კონკრეტულად, 2007 წლიდან მასიურად კერძო საკუთრებაში გადავიდა, მანამდე არსებული საავადმყოფოები. გარდა საავადმყოფოებისა, ამავე პერიოდში კერძო საკუთრებაში გადავიდა სხვადასხვა მსხვილი ობიექტები და შენობა-ნაგებობა.



ვინაიდან, საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებას ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობები განკარგავენ, მათი პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები სახელმწიფო (ცენტრალური) და სუბნაციონალური (ადგილობრივი) ბიუჯეტის შემოსულობებია. ბოლო 15-წლიან პერიოდში პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2006 წელს იყო, როცა აღნიშნულმა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 4.1% შეადგინა, სადაც ცენტრალურის შემოსავალი 3.4%-ს, ხოლო სუბნაციონალურის კი 0.7%-ს შეადგენდა. ამავე წელს პრივატიზაციიდან შემოსავალი ნაერთი ბიუჯეტის მთლიანი შემოსავლების 14.7%-ს შეადგენდა.

2009 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის ტემპი მნიშვნელოვნად შემცირდა. თუ 2008 წელს პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები მშპ-ს 3.7%-ს შეადგენდა, ეს მაჩვენებელი 2014 წლისთვის 0.4%-მდეა შემცირებული. რაც შეეხება გასულ წელს, პრივატიზაციიდან შემოსავლებმა 206.0 მლნ ლარი, მშპ-ს 0.5% შეადგინა, რაც 2018 წლის მაჩვენებელს უტოლდება. გარდა ამისა, პრივატიზაციის წილი ბიუჯეტის შემოსავლებთან მიმართებით, 2008 წლის შემდეგ 10.3 პ.პ. -ით, 1.6%-მდეა შემცირებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო სამწლიან პერიოდში სუბანციონალური მთავრობის მიერ უფრო მეტი ღირებულების ქონების გაიყიდა, ვიდრე ცენტრალური მთავრობის. თუმცა, ეს უკანასკნელი ბევრად მეტ ქონებას ფლობს, ვიდრე - მუნიციპალიტეტები.

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებიდან ერთ-ერთი თვალსაჩინო მოცულობის სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა, რომლის უდიდესი ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენს. სხვადასხვა გათვლებით, მთლიანი მიწის რესურსის 60%-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ცალკე განვიხილოთ მიწის პრივატიზაციის ტემპი. თუმცა, მანამდე ვნახოთ ბოლო ხუთწლიან პერიოდის ორივე - ცენტრალური და ადგილობრივი მთავრობების მიერ განხორციელებული პრივატიზაციის მოცულობა, ქონების სახეების მიხედვით.


2015-2019 წლებში, საერთო ჯამში 1 363.4 მლნ ლარის ქონების პრივატიზაცია განხორციელდა, რომელის 36.1% შენობა-ნაგებობების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია, ხოლო მიწის პრივატიზაციის წილი კი - 32.8%-ს შეადგენს. ამავე პერიოდში, სხვა ბუნებრივი რესურსების გაყიდვიდან მიღებულმა შემოსავლებმა პრივატიზაციიდან მთლიანი შემოსავლების 30.4% შეადგინა.

ამ პერიოდში ყველაზე მეტი ღირებულების ქონება 2015-2016 წლებში (355.1 მლნ ლარი და 367.2 მლნ ლარი) გაიყიდა, ხოლო ყველაზე ნაკლები კი ბოლო ორი წლის მანძილზე. 2018-2019 წლებში აბსოლუტურ მაჩვენებლებში გაყიდულ ქონების ღირებულებაზე ნაკლები, ბოლო 15-წლიან პერიოდში, მხოლოდ 2012-2014 წლებში იყო.



ცენტრალური მთავრობის მიერ განხორციელებულ პრივატიზაციაში მიწას მცირე წილი გააჩნია. 15-წლიან პერიოდში, სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზაციიდან შემოსავლებში მიწის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების წილი საშუალოდ 4.9% იყო, რაც ბოლო წლებში ოდნავ გაზრდილია, მაგრამ კვლავ იმავე ღირებულების მიწის პრივატიზაცია განხორციელდა. წილის ზრდა კი, სხვა ტიპის ქონების გაყიდვის შემცირებითაა გამოწვეული.

განსხვავებით ცენტრალური ხელისუფლებისა, ადგილობრივი მთავრობების ძირითადი საპრივატიზაციო ქონება სწორედ მიწაა, რაც სუბნაციონალური ბიუჯეტის პრივატიზაციიდან შემოსავლების საშუალოდ 60.6%-ს იკავებდა. აღნიშნული 2015-2017 წლებში ფარდობით და ნომინალური მაჩვენებლებში არსებითად გაიზარდა. ამ პერიოდი ზრდა ძირითადად 2014 წელს განხორციელებული თვითმმართველობის რეფორმას უკავშირდება. აღნიშნული მიუთითებს, რომ ადგილობრივ დონეზე პრივატიზაციის ტემპი ბევრად მაღალია, ვიდრე ცენტრალური ხელისუფლების მიერ განხორციელებული.

ამდენად, ბოლო ათწლიან პერიოდში, პრივატიზაციის მასშტაბები და ტემპი მნიშვნელოვანად შემცირებულია, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სახელმწიფოს საკუთრებაშია მთლიანი ქონების უდიდესი ნაწილი. თავის მხრივ, პრივატიზაციის ტემპის შენელება ცენტრალურ დონეზეა, რომელიც საერთო საკუთრებაში არსებული ქონების დიდი ნაწილს ფლობს. მეორე მხრივ, მუნიციპალური დონეზე პრივატიზაციის ტემპი არ შემცირებულა, მაგრამ არსებითად არც გაზრდილა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები