მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით მესხიშვილის ინფორმაციით, ავტოკატასტროფაში მონაწილე მიკროავტობუსს ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა

5f43d85d25662
თამთა ჯიჯავაძე
24.08.20 19:20
2958
"ჩემი ინფორმაციით, მიკროავტობუსს, რომელიც შატილის გზაზე ავტოკატასტროფაში მოჰყვა, ტექინსპექტირება არ გაუვლია და 40 დღე ჰქონდა გადაცილებული" – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

ამასთან, როგორც bm.ge-ისთან საუბრისას მესხიშვილმა განმარტა, მტკიცება იმის, რომ სწორედ ტექინსპექტირების გაუვლელობა იქნებოდა ავარიის მიზეზი, გამოძიების წარმოებამდე შეუძლებელია.

„თუმცა, ჩვენ გვაქვს ასეთი პრობლემა, რომ გამოძიება როგორც წესი, მიდის კონკრეტული მიმართულებით, რომ დაადგინოს მძღოლი დამნაშავეა თუ არა და იმის იქით არ ინტერესდება. ეს აღარ შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. შეიძლება, მძღოლმა რაღაც შეცდომაც კი დაუშვა, ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ აუცილებლად უნდა ხდებოდეს იმის დადგენა, ხომ არ იყო ხელშემწყობი ფაქტორი, ვთქვათ, ინფრასტრუქტურული ან სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობა და ტექინსპექტირება რატომ არ ჰქონდა გავლილი. ეს ხომ არ არის მსუბუქი ავტომობილი, მას არ ჰქონდა ტექინსპექტირება გავლილი და ასე გადაჰყავდა მგზავრები 40 დღის განმავლობაში“, – აღნიშნა მესხიშვილმა.

მისივე თქმით, ჩნდება კითხვა -  როგორ გადაადგილდებოდა ასე თავისუფლად, მგზავრებით დატვირთული, ტექინსპექტირებაგაუვლელი მიკროავტობუსი 40 დღე  "ჭკვიანი კამერებით" აღჭურვილ გზებზე.

„საინტრესოა, თუ იყო დაჯარიმებული... თუ იყო დაჯარიმებული, ეს უკვე მიგვანიშნებს სხვა მახინჯ სისტემაზე – ყოველთვე იხდი 50 ლარს, ისე რომ ავტომობილის ტექნიკურ მდგომარეობას არ გამოასწორებ. მთელი სისტემა არის მოშლილი და მითუმეტეს კამერებზე, ჩვენ გადავამოწმეთ ჯერ - იანვარში და შემდეგ აგვისტოს დასაწყისში, რომ ე.წ ჭკვიანი კამერები არ რეაგირებენ. შეიძლება, სიჩქარის გადამეტებაზე რეაგირებს, მაგრეამ კონკრეტულად ტექინსპექტირებაზე არ რეაგირებდა არცერთი კამერა ხულოს, ბორჯომის, შუახევის, ახალციხის, ახალქალაქის, ყვარელის და ა.შ. ტერიტორიაზე ანუ თბილისში - კი, მის გარეთ - არა“, – განაცხადა დავით მესხიშვილმა.

bm.ge "ჭკვიანი კამერების" გამართულობასთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდება და მათ პოზიციასაც შემოგთავაზებთ. რაც შეეხება იმას, ჰქონდა თუ არა მიკროავტობუსს ტექინსპექტირება გავლილი, უწყებისგან, ჯერჯერობით, პასუხი ვერ მივიღეთ. 

ცნობისთვის:  გუშინ შატილის გზაზე 80 მეტრის სიმაღლის კლდიდან სამარშრუტო ტაქსი გადავარდა. ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, სამის მდგომარეობა კი მძიმეა.