მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძე "საპარტნიორო ფონდის" საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანას ემხრობა

5f1e9cebb554f
შოთა ტყეშელაშვილი
27.07.20 13:28
4683
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი -  "საპარტნიორო ფონდი", შესაძლოა, რეფორმირების შემდეგ საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადავიდეს. ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე BMG-ის კითხვაზე პასუხობს, რომ ის ფონდის დაფინანსების არსებული მოდელის შენარჩუნებას არ უჭერს მხარს და მიიჩნევს, რომ უმჯობესი იქნება, თუკი საპარტნიორო ფონდის დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოხდება. "ეს იქნება უფრო სწორი", - ამბობს საგანელიძე. 

უკვე მეორე წელია, მთავრობა "საპარტნიორო ფონდის" საქმიანობის მოდელის ცვლილებაზე მუშაობს. დაგეგმილია ფონდის მართვის სტრუქტურის შეცვლა, ხოლო მის საკუთრებაში არსებული სახელმწიფო საწარმოების მართვის – მთავრობისთვის გადაცემა. ამ ეტაპზე "საპარტნიორო ფონდს" ახალ საინვესტიციო პროექტებში შესვლა შეზღუდული აქვს. 

ჯერჯერობით, უცნობია თუ როგორ დაასრულა ფონდმა საქმიანობა 2019 წელს, 2018 წელს კი, საპარტნიორო ფონდის კონსოლიდირებული ზარალი 585 მილიონი ლარი იყო, 2017 წელს კი ზარალი 481 მლნ ლარი იყო. ამ ზარალის უმთავრეს მიზეზს ფონდის საკუთრებაში არსებული რკინიგზის ზარალი განაპირობებდა. დღეს დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში ფონდს არ შეუძლია საკუთარი ბიუჯეტი დაგეგმოს, რადგანაც ის შემოსავლისთვის შვილობილი კომპანიების დივიდენდებზე არის დამოკიდებული, ხოლო წინასწარ ამ კომპანიების მიერ შეუძლებელია იმის განსაზღვრა ექნებათ თუ არა მათ მოგება და შესაბამისად, გასცემენ თუ არა დივიდენდს. 

კითხვა: განიხილება თუ არა სახელმწიფო ბიუჯეტი ფონდის დაფინანსების წყაროდ? 

"რაც შეეხება დაფინანსების წყაროს, ეს არის მთავრობის და პარლამენტის განსახილველი თემა. სხვადასხვანაირად შეიძლება მიდგომა. ყველა ქვეყანაში ანალოგიური საფინანსო ინსტიტუტები სხვადასხვა ფორმით ფინანსდება. თუ ისევ შვილობილი კომპანიების დივიდენდზე იქნა ფონდის შემოსავლები, მიმაჩნია, რომ ეს სწორი არ იქნება; რაც შეეხებ ბიუჯეტისგან ერთჯერად დაფინანსებას ან შეიძლება მუდმივად ერთჯერადი არ იყოს და რაღაც წლების განმავლობაში სხვადასხვა თანხა დაფიქსირდეს და შეივსოს, იქნება უფრო სწორი.

როცა პრეტენზიაა იმაზე, რომ პარლამენტი ვერ აკონტროლებს ასეთი ტიპის საფინანსო საქმიანობებს, უფრო გამჭვირვალე იქნება ამ მხრივაც; მეორე მხრივ კი, საშუალება გვექნება, უფრო მეტად მოვიზიდოთ საერთაშორისო დონორებისგან თანხები, რაც ისევ  საქართველოს ეკონომიკას წაადგება", - ამბობს დავით საგანელიძე.

ამ განცხადების პალარელურად, საგანელიძე ამბობს იმასაც, რომ საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიების ფინანსური შედგეგები არ არის გაუარესებული.

"მე არ ვიტყოდი, რომ უარესდება ამ კომპანიების მაჩვენებლები. რაც შეეხება სავალუტო ფონდის რეკომენდაციებს, აქ სწორედ ჩვენი მოთხოვნები იყო გათვალისწინებული; ჩვენ პირდაპირ დავაყენეთ საკითხი, რომ ალბათ ჩვენ არ გვაქვს განსაზღვრული დაფინანსება და არ ვიცით, რა იქნება ჩვენი შემოსავალი, რადგან შეუძლებელია ვიცოდეთ შვილობილი კომპანიის დივიდენდი იქნება თუ არა და ვერ ვგეგმავთ სამომავლო პროექტების ბიუჯეტს, ამიტომ მოგეხსენებათ, დროებით ჩვენ ახალი პროექტების განხილვა შეჩერებული გვაქვს.

თქვენ ახსენეთ, რომ სახელმწიფო საწარმოების მდგომარეობა უარესდება. კატეგორიულად ვიტყვი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. კატეგორიულად ვიტყვი, რომ თითოეული ამ საწარმოს მდგომარეობა უმჯობესდება. მაგალითად, გაზისა და ნავთობის კორპორაციამ ძალიან ბევრი სასიკეთო რამ გააკეთა და მოგეხსენებათ, რომ მას მონაწილეობა ჰქონდა გარდაბნის თბოსადგურ 1-სა და 2-ში. ასევე, მშენებლობა დაიწყება გარდაბნის თბოსადგური 3-ის. რაც შეეხება საქართველოს რკინიგზას, რკინიგზის მაჩვენებლები ბოლო წლების განმავლობაში უმჯობესდება. რაც შეეხება წაგებას, რომელიც არის დაფიქსირებული, 2012 წელს დაწყებული შემოვლითი რკინიგზის პროექტი, რომელიც ისე იყო დაწყებული, რომ მისი Feasability study-იც კი არ იყო გაკეთებული და ამ პროექტში 232 მილიონი გაიხარჯა, რომელიც აღმოჩნდა, რომ იყო აბსოლუტურად უსარგებლო და KPMG-იმ, როგორც საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ გახარჯული თანხა და ეს პროექტი ჩამოწერა რკინიგზის ბალანსიდან. ამან კი ლარებში თუ გადავიყვანთ, 700 მილიონიან ზარალზე გაიყვანა რკინიგზა",  - ამბობს საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი. 

რა სახით განიხილება ფონდის რეფორმირება?

"დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი ფონდის რეფორმირების შესახებ. ფონდი 2010 წელს შეიქმნა და დღეს-დღეობით ის თავისი სტრუქტურით ნამდვილად ვერ აკმაყოფილებს დღევანდელ მოთხოვნებს. მოგეხსენებათ, რომ საპარტნიორო ფონდი ძირითადად კაპიტალში შემავალი Equity ფონდი, პარალელურად, როდესაც ის სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მფლობელიც არის ეს არის არასწორი. დიდი ხანია დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, რომლებშიც ფონდი არ მონაწილეობს მართვაში და მხოლოდ სიმბოლურად არის ჩვენთან და მათი დივიდენდი, პირობითად ამ დივიდენდით სულდგმულობს ფონდი, ეს არ იქნება სწორი. უკვე დაწყებულია ცვლილებები. ენერგეტიკის ობიექტები უკვე გასულია ფონდიდან. არის ამჟამად რკინიგზა და გაზისა და ნავთობის კორპორაცია, რომელიც იმედი მაქვს, რომ მომავალშუ ასევე გავა ფონდიდან. იმედი მაქვს, რომ ფონდს შეუნარჩუნდება ის მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებით, რეგიონების მიმართულებით ყველაზე მნიშვნელოვანი. ისეთი პროექტების, რომელთაც ბანკები არ აფინანსებენ, რადგან არის ან სტარტაპი, ან არის მაღალი რისკები და ისინი სახელმწიფოსთვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს მნიშვნელოვანი პროექტები უნდა იყოს საპარტნიორო ფონდის საქმიანობის მთავარი მიზანი და ამოცანა და არა სახელმწიფო კომპანიების თავმოყრა,"- ამბობს საგანელიძე.