მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სესხების გაცემაზე საბანკო რეგულაციები გამარტივდა - რა იცვლება?

5e9740eaed291
შოთა ტყეშელაშვილი
15.04.20 22:05
8197
დღეიდან, 15 აპრილიდან, საქართველოს კომერციულ ბანკებისთვის ფიზიკური პირების დაკრედიტების მოთხოვნები შემსუბუქდა. ახალი წესების შედეგად, იცვლება შემოსავლების დადასტურების სტანდარტები, ასევე სესხის გაცემის საშემოსავლო კატეგორიების რაოდენობა 4-დან 2-მდე მცირდება. იზრდება იპოთეკური სესხის მაქსიმალური ვადიანობა და ის 20 წლით განისაზღვრება, ბანკებს კი გადაწყვეტილების მიღებისას მეტი მოქნილობა მიეცემათ.

შესაბამისად, უკვე დღეიდან, ის გამკაცრებული მოთხოვნები, რომლებიც მთელი 2019 წლის განმავლობაში იყო ძალაში, მნიშვნელოვნად შემსუბუქდა.  

7 ძირითადი ცვლილება, რაც "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ” დებულებაში შევიდა:

1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი: მსესხებლის შემოსავლების შესწავლა კვლავ სავალდებულოა, თუმცა შემოსავლის დადგენის პრაქტიკა აღარ იქნება წესად გაწერილი (მაგ. არაფორმალური დასაქმებისას ადგილზე ვიზიტი) და ფინანსურ ინსტიტუტს შეეძლება თავად, შიდა პროცედურებით განსაზღვროს შემოსავლის დადგენის წესი.

2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი: PTI დაითვლება იმ მაქსიმალურ პერიოდზე, რომელზეც კონტრაქტით შეიძლება სესხის ვადის გაგრძელება.

3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა, ქვემოთ მოცემული ცხრილი N1-ის მიხედვით, ოთხიდან ორამდე მცირდება. ამავე დროს, სესხის მომსახურების კოეფიციენტი განსხვავებული რჩება უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხებისთვის, რაც მიზნად ისახავს მსესხებლისა და ფინანსური სისტემის უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობის რისკებისაგან დაცვას:



4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა: ლარში გაცემულ იპოთეკური სესხებისათვის მაქსიმალური ვადიანობა 15-დან 20 წლამდე იზრდება.

5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე.

6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად).

7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას "დაცვის სამი ხაზის“ (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები