21.სექტემბერი .2021 13:00

დღეს 50-ზე მეტი სარეკლამო ბილბორდი უფასოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - „ალმა“

დღეს 50-ზე მეტი სარეკლამო ბილბორდი უფასოდ ეთმობა ვაქცინაციის კამპანიას - „ალმა“
views 391
უკან

კომპანია „ალმასა“ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს შორის ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების თემაზე დაწყებული დისკუსია გრძელდება - მხარეები ერთმანეთს განცხადებებით პასუხობენ. საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისის ქუჩებში ოპოზიციის საწინააღმდეგო, სიძულვილის ენის შემცველი ბანერები გამოჩნდა და გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ჩანს, რომ აღნიშნული შინაარსის ბანერები სწორედ ვაქცინაციის მხარდამჭერ ბილბორდებზე გადააკრეს.

ამირან გამყრელიძემ  20 სექტემბერს კომპანია "ალმას" ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების "დაუყოვნებლივი აღდგენისკენ" მოუწოდა.

დღეს კი „ალმამ“ საპასუხო ვრცელი განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, სარეკლამო კომპანიამ მიმდინარე წლის აპრილში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მხარდასაჭერად, ქვეყნის მასშტაბით უსასყიდლოდ გამოყო 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი და NCDC-სგან ანაზღაურება მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭდვასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში აიღო - საუბარია 15 147 ლარსა და 14 თეთრზე.

„აღნიშნული მხარდამჭერი აქცია ხორციელდებოდა მიმდინარე წლის 14 აპრილიდან და საწყის ეტაპზე დაგეგმილი იყო 3 თვის ვადით. „ალმა“-მ პირნათლად შეასრულა თავისი დანაპირები ვაქცინაციის მხარდაჭერის კამპანიის ფარგლებში და მიმდინარე წლის ივლისის ბოლომდე სარეკლამო კონსტრუქციებზე სრულად იქნა შენარჩუნებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული ვიზუალები და სარეკლამო რგოლები.

ამას გარდა, მიუხედავად იმისა, რომ 3 თვის გასვლის შემდეგ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს ჩვენთან არ დაუმყარებია არანაირი სახის კომუნიკაცია და ჩვენთვის არ უთხოვნიათ კამპანიის გაგრძელება, „ალმა“-მ ისევ უსასყიდლოდ შეინარჩუნა და დღემდე ინარჩუნებს ვაქცინაციის მხარდაჭერის მიზნით განთავსებულ გარე სარეკლამო ბანერებსა და სარეკლამო რგოლებს მონიტორებზე.

დამატებით აღვნიშნავთ, რომ მას შემდეგ რაც, რამდენიმე დღის წინ, მოხდა ვაქცინაციის მოწოდების ვიზუალის სულ სამ ლოკაციაზე სხვა შინაარსის იმიჯებით ჩანაცვლება, კომპანია „ალმა“-მ, საკუთარი ინიციატივითვე, უზრუნველყო: პირველი, მათ სანაცვლოდ სხვა ბილბორდების კვლავ უსასყიდლოდ გამოყოფა, და მეორე, სარეკლამო მონიტორებზე/ეკრანებზე ვაქცინაციის მოწოდების ვიდეორგოლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვანი გაზრდა.

შედეგად, დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში „ალმა“-ს 50-ზე მეტი სარეკლამო კონსტრუქცია და მონიტორი სრულიად უსასყიდლოდ კვლავ ეთმობა ვაქცინაციისკენ მოწოდების კამპანიას“, - აცხადებენ კომპანიაში.

გარდა ამისა, „ალმა“ განმარტებას აკეთებს საჯარო სივრცეში გავრცელებული 2021 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმებული იყო „ალმა“-სა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის.

როგორც კომპანიაში ამბობენ, ეს ეხებოდა მხოლოდ ბანერების (სარეკლამო ვიზუალის) დაბეჭდვას და მათ ბილბორდებზე გაკვრას (სამონტაჟო სამუშაოების შესრულებას) და არ ითვალისწინებდა სარეკლამო კონსტრუქციების დაქირავების საფასურს (იმის გათვალისწინებით, რომ როგორც ზემოთაც ითქვა, სარეკლამო კონსტრუქციები კომპანია „ალმა“-მ გამოყო სრულიად უსასყიდლოდ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე და ანაზღაურება მიიღო მხოლოდ და მხოლოდ სარეკლამო ბანერების დაბეჭდვასა და მათ ტექნიკურად გაკვრაში).

კომპანია „ალმა“ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ ბიზნესზე უსაფუძვლო, არაობიექტური შეტევებისა და თავდასხმებისგან. ამასთან, „ალმაში“ დარწმუნებულები არიან, რომ საკითხისთვის უფრო მეტი დროის დათმობისა და საქმის დეტალებში გარკვევის შემთხვევაში, ამირან გამყრელიძის და NCDC-ის მიერ ამ ტიპის განცხადების გაკეთება არ მოხდებოდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა