მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს პარლამენტი ანტიდემპინგურ კანონს განიხილავს

5edd573af3267
BM.GE
08.06.20 09:30
1336
საქართველოს პარლამენტი ანტიდემპინგური კანონპროექტის შესახებ მუშაობას კვლავ დაუბრუნდა. აღნიშნული კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ავტორობით მომზადდა და ის პარლამენტს განსახილველად ჯერ კიდევ წინა პრემიერის, მამუკა ბახტაძის მმართველობის დროს, 2019 წლის ივლისში წარედგინა. კანონპროექტში მითითებული იყო, რომ მისი ამოქმედება 2020 წლის პირველი იანვრიდან იყო დაგეგმილი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ორი ნაწილისგან შედგება, პირველი უშუალოდ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ზომების შემოღებას, მეორე კი კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებების გაფართოვებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, საკითხის რეგულურებაზე პასუხისმგებელი სწორედ სსიპ კონკურენციის სააგენტო იქნება.

განმარტებითი ბარათის თანახმად, ანტიდემპინგური კანონპროექტის მიზანი დემპინგური იმპორტისგან ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვაა. ამისთვის უნდა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დემპინგურ იმპორტსა და ადგილობრივი ინდუსტრიის მატერიალურ ზიანს შორის. თუ საკითხის შესწავლა დაადგენს, რომ არსებობს კავშირი ამ ორ ფაქტორს შორის, ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვის მიზნით, უცხოური კომპანიის მიმართ, რომელიც აწარმოებს დემპინგურ იმპორტს, ანტიდემპინგური ღონისძიება გატარდება.

"საგარეო ვაჭრობაში ანტიდემპინგური საკანონმდებლო ბაზის არ არსებობის პირობებში, შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდეს უცხო ქვეყნებიდან პროდუქციის დემპინგური ფასებით იმპორტს, რის აღკვეთის ღონისძიებებსაც საქართველო საერთაშორისო ვლდებულების შესაბამისად ვერ მიმართავს. რიგ შემთხვევებში დემპინგური იმპორტი აფერხებს ადგილობრივი წარმოების განვითარებას და ამცირებს დასაქმებულთა რაოდენობას. აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღება დაიცავს ადგილობრივ წარმოებას დემპინგური იმპორტით გამოწვეული ზიანისაგან ან ამგვარი ზიანის მიყენების საფრთხისაგან და ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას", – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ეს კანონი კონკურენციის სააგენტომ უნდა აღასრულოს, რისთვისაც ამ უწყებაში შესაბამისი სტრუქტურული ერთეული უნდა შექმნას, ეს კი ბიუჯეტს გარკვეული თანხა დაუჯდება და რამდენი - ჯერ კანონპროექტში არ წერია.

რას გააკეთებს სააგენტო? - პირველ რიგში, უწყება შეისწავლის ცალკეულ პროდუქტზე, არის თუ არა დემპინგური ფასი, ამ დემპინგურ ზღვარსაც კანონი განსაზღვრავს, რომლის შემდეგ კონკურენციის სააგენტო მთავრობას მიმართავს ან წინასწარი, ან სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღებისთვის.

წინასწარი ტარიფი 6 თვით შეიძლება დაწესდეს და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა მიიჩნევს, რომ მოკვლევის დასრულებამდე ადგილობრივი პროდუქცია, მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან იჩაგრება. სპეციალური ტარიფი კი უკვე, ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, შესწავლის დასრულების შემდეგ დადგინდება მისთვის, ვინც ზიანს აყენებს ადგილობრივ ინდუსტრიას.

"მუხლი 18. სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღება და გამოყენება:

საქართველოს მთავრობა შესწავლის ორგანოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე შესწავლის ობიექტის თითოეულ ექსპორტიორზე, ან საქონლის მწარმოებელზე სპეციალურ ანტიდემპინგურ ტარიფს შემოიღებს ინდივიდუალურად არადისკრიმინაციულობის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დემპინგურ ზღვარს.

შესწავლის ორგანო ადგენს, არის თუ არა დემპინგურ ზღვარზე ნაკლები ტარიფი საკმარისი ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად. იმ შემთხვევაში თუ, შესწავლის ორგანო დაადგენს, რომ დემპინგურ ზღვარზე ნაკლები სატარიფო განაკვეთი საკმარისია ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად, სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფი არ უნდა აღემატებოდეს ამ განაკვეთს.

სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას ადგილობრივი ინდუსტრიის ინტერესებთან ერთად გათვალისწინებულ უნდა იქნას საზოგადოებრივი ინტერესები', – წერია კანონპროექტში.

კანონპროექტის თანახმად, პირები, რომლებიც ეწევიან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე დემპინგურ იმპორტს, ვალდებული იქნებიან აანაზღაურონ ადგილობრივი ინდუსტრიისთვის მიყენებული ზიანი, რაც გაზრდის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს.

ანტიდემპინგური კანონმდებლობის რისკების შესახებ უფრო ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ ბმულზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები