მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დიახ, გადასახადი იზრდება - სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ბანკების მოგების გადასახადზე

638f3c48806cb
გიორგი არონია
06.12.22 22:00
1326

“დიახ, გადასახადი გაიზრდება და ზუსტად ეს უზრუნველყოფს ფისკალური დეფიციტის შემცირებას”, - ასე ეხმიანება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა BMG-ის შეკითხვას, იცვლება თუ არა ბანკებისთვის არსებული სახელმწიფო გადასახადები რეალურ რიცხვებში. მთავრობა ბანკებისთვის მოგების გადასახადის 15%-დან 20%-მდე ზრდას აპირებს, ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სამაგიეროდ, გაუქმდება დივიდენდების 5%-იანი გადასახადი, თუმცა მთლიანობაში საგადასახადო ტვირთი ფინანსურ სექტორს ეზრდება.

“დივიდენდის გადასახადის მოგების გადასახადში შემოტანას თუ გულისხმობთ, 15%-ის ნაცვლად 20%-ის გადასახადი იქნება მოგებაზე დაკისრებული, ხოლო დივიდენდის გადასახადი განულდება. ამგვარად, ჯამურად, თავად ჩარჩო, რომელიც 20% იყო, კვლავ 20% იქნება. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, თუ როგორ ნაწილდებოდა მოგების გადასახადი ამ დრომდე, ძირითადად იყო ორი მსხვილი ბანკი, რომლებიც დივიდენდებს ანაწილებდნენ, მაგრამ ბრიტანეთთან ორმაგი დაბეგვრის ხელშეკრულების გამო, მათ დივიდენდის [გადასახადის] გადახდა არ უწევდათ”, - აღნიშნა პაპუნა ლეჟავამ.

განსხვავებულად წარადგინა ეს ცვლილება ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა, რომელმაც გუშინ BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა, რომ ერთი მხრივ ზრდის პარალელურად, მთავრობა გადასახადს ამცირებდა კიდეც.

"ორი გადასახადის გაერთიანებით ხდება განაკვეთის იგივე ოდენობაზე შენარჩუნება. 5%-იანი გადასახადი, რომელიც დივიდენდზე არის ნულდება, ხოლო 15%-იანი მოგების გადასახადი ხდება 20%. შესაბამისად, ამ ნაწილში ეკ. თავისუფლების აქტის მოქმედება არ იწყება,”- აცხადებს ლაშა ხუციშვილი.

მინისტრის ასეთი ფრთხილი განცხადება სავარაუდოდ, ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანულ კანონს უკავშირდება. მისი მიხედვით, მთავრობას რეფერენდუმის ჩატარების გარეშე აკრძალული აქვს საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის ზედა ზღვრის აწევა ან გაუქმება. ხოლო გამონაკლისის სახით, საგადასახადო ზრდა 3 წლის ვადით შეიძლება მოხდეს. იმისთვის, რათა გადასახადის ზედა ზღვრის მატებად არ ჩაითვალოს, მთავრობამ ბანკებისთვის დივიდენდის 5%-იანი გადასახადის გაუქმება გადაწყვიტა. თუმცა, ამ უკანასკნელს მსხვილი ბანკები (თიბისი და საქართველოს ბანკი) ისედაც არ იხდიდნენ, რადგანაც ლეგალურად მათი დივიდენდის გაცემა დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული მშობელი კომპანიის აქციონერებზე ხდებოდა.

იმას, რომ საფინანსო სექტორისთვის საგადასახადო ტვირთი იზრდება, ადასტურებს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძეც, თუმცა მისი თქმით, ჯერჯერობით ზუსტი საბიუჯეტო ეფექტი დათვლილი არაა.

2022 წლის 10 თვეში ქართულმა ბანკებმა მოგების გადასახადის სახით 279 მილიონი ლარი გადაიხადეს. წინა წელთან შედარებით ეს თანხა 70 მილიონი ლარით მეტია.