მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

EBRD-ი Velox-თან პარტნიორობას იწყებს

5ef48baf8c252
BM.GE
25.06.20 18:00
1533
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) და შპს „ველოქს კაპიტალ ედვაიზორსმა“ (Velox), მცირე და საშუალო ბიზნესის (SMEs) სააქციო კაპიტალსა და სასესხო დაფინანსებაზე წვდომის გასაუმჯობესებლად, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას თავად EBRD ავრცელებს. 

"Velox-ი მუშაობს მცირე და საშუალო ბიზნესის პოტენციალის განვითარებასა და საოპერაციო შედეგების გაუმჯობესებაზე. Velox-ის ძირითადი საქმიანობაა ადგილობრივი კერძო კომპანიების ტრანსფორმაცია, კორპორაციული და ფინანსური მართვის ხარისხის გაუმჯობესება და ბიზნესისათვის დაფინანსების, როგორც სესხების, ასევე სააქციო კაპიტალის მოზიდვა.

Velox იმუშავებს EBRD-ის საკონსულტაციო მხარდაჭერის მომსახურების „კონსულტაცია მცირე ბიზნესებისთვის“ (ASB) პროექტთან ერთად, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს ცოდნაზე წვდომას და მოიცავს ეკონომიკის სხვადასხვა დარგს. ASB მცირე და საშუალო ბიზნესის კომპანიებს სთავაზობს სერვისებს ხარჯების გაზიარების საფუძველზე (ნაწილობრივი გრანტები) და ხელს უწყობს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების დანერგვას.

ეს არის EBRD-ის ფართო ძალისხმევათა მნიშვნელოვანი ნაწილი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მცირე და საშუალო ბიზნესისისათვის დაფინანსებზე. მათ შორის, სააქციო კაპიტალზე წვდომას, ასევე, საქართველოში კაპიტალის ბაზრების განვითარებას.

Velox-ის საქმიანობა მოიცავს საკონსულტაციო სერვისებს ქართული კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მოზიდვა, გაერთიანებისა და შერწყმის (M&A) შესახებ კონსულტაცია, დახმარება კაპიტალის მობილიზაციაში, ფინანსური რესტრუქტურიზაცია, ასევე, კორპორაციული მართვის ჯანსაღი პრაქტიკის დანერგვა და ციფრული ტრანსფორმაცია. „ველოქსი“ მოიზიდავს და მართავს კერძო საინვესტიციო ფონდს ქართულ მცირე და საშუალო ბიზნესში ინვესტირებისთვის კომპანიებში, რომელთაც ესაჭიროებათ სააქციო კაპიტალის გაზრდა, რათა დაეხმაროს მათ მდგრად ზრდასა და სტრატეგიული მიზნების მიღწევაში. „ველოქსი“ საშუალოვადიან პერიოდში აპირებს რიგ ქართულ კომპანიებში კაპიტალის დაბანდებას როგორც კონტროლის უფლებით, ასევე მინორიტარული წილის შეძენის გზით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა განაცხადა: „საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციის დიდი საჭიროება არსებობს. Velox-ის მიერ შემოთავაზებული კონსულტაციისა და შესაძლებლობების განვითარების გზით, ჩვენ შეგვიძლია მოვამზადოთ კერძო კომპანიები, მოიზიდონ სააქციო კაპიტალში პარტნიორები. შესაბამისად, მოახდინონ მათი დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაცია. ამ პროექტს აქვს გრძელვადიანი ხედვა. ველით, რომ წვლილს შევიტანთ პოზიტიური შედეგების მიღწევაში, როგორიცაა გაუმჯობესებული კორპორაციული მმართველობა და კაპიტალის ბაზრების განვითარება.“

რამაზ კუკულაძემ, Velox-ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა: “მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია ვითანამშრომლოთ ისეთ მნიშვნელოვან მოთამაშესთან, როგორიცაა EBRD. გვჯერა, რომ ერთად შევქმნით ღირებულებას ადგილობრივი ბიზნესისთვის სააქციო კაპიტალის უზრუნველყოფისა და გამოცდილების გაზიარების გზით, და ეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების კონტექსტში,"- ნათქვამია EBRD-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.