მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის მინისტრი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ტემპით უკმაყოფილოა

5da055338a5fb
სალომე მეცხვარიშვილი
11.10.19 14:07
1158
ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს “გაჩერებულს” უწოდებს და აცხადებს, რომ მისი მიმდინარეობით უკმაყოფილოა. ამის შესახებ მან გადაცემა “ანალიტიკაში” საუბრისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ისიც და პრემიერმინისტრიც უკმაყოფილო არიან ამ პროექტის ტემპით. მინისტრი ამბობს, რომ შეფერხებები გამოწვეული იყო სხვადასხვა დროს არაეფექტური მიდგომებისა და მენეჯმენტის გამო. მისივე თქმით, “შეფერხება ამ პროექტში აღარ იქნება” და უახლოეს დღეებში გამოაცხადებენ, როდის უნდა დაიწყოს ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რომელმაც საქართველოს მოსახლეობის 90% ინტერნეტით უნდა უზრუნველყოს.

“რაც შეეხება ფიზიკური ინფრასტრუქტურის და ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის პროექტის განვითარებას, აქ ნამდვილად ვართ უკმაყოფილეობი. ვარ ამ ტემპით და შედეგებით უკმაყოფილო მე, ეკონომიკის მინისტრი და პრემიერმინისტრიც არის უკმაყოფილო და მისგან ძალიან მკაფიო დავალება მივიღეთ, რაც შეიკრიბა ახალი კაბინეტი, რომ ყველა ასეთი გაჩერებული პროექტი და მათ შორის OPEN net წინ უნდა წავწიოთ.

ჩამოყალიბებული ვართ მოდელზე, ეს არის საკმაოდ რთული პროექტი. არ არის მარტივი, რადგან არ გვინდა, რომ დავაზიანოთ კერძო სექტორი. საქართველოში საკმაოდ კონკურენტული კერძო სექტორი არსებობს ამ დარგში და არ გვინდა კონკურენციაში შევიდეთ, არამედ გვინდა, რომ შევავსოთ. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია, რადგან საუბარია 700-მდე ლოკაციაზე, სადაც არის ფართოზოლავნი ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა.

ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ბანკთან და უახლოეს პერიოდში ვიქნებით მზად, რომ გამოვაცხადოთ, როდის ვიწყებთ მშენებლობას”,- აცხადებს მინისტრი.

ნათია თურნავას თქმით, ძალიან ცუდია, რომ ეს პროექტი ამდენი ხნით შეფერხდა, რადგან ის დაანონსდა 2015 წელს და ამ დრომდე სისრულეში მოყვანილი არ არის.

"ქართუ ფონდიც მზად იყო, რომ გვერდში დაგვდგომოდა და სერიოზული დაფინანსება გაწია. კვლევები შესრულდა ამ დაფინანსებით. მიუხედავად ამ სრული მზადყოფნისა, სრულიად არაეფეტური მიდგომებისა და მენეჯმენტის გამო ვერ მოვახერხეთ, რომ ეს წინ წამოწეულიყო”,- ამბობს ნათია თურნავა.

შეგახსენებთ, რომ საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტი 2015 წელს დაანონსდა. მაშინ ითქვა, რომ პროექტში 100 მილიონ დოლარს “ქართუ ფონდი” ჩადებდა. თუმცა, დღემდე პროექტი განხორციელებული არ არის. bm.ge მიმდინარე კვირაში ცდილობდა მოეპოვებინა ინფორმაცია პროექტის განმახორცელებელი კომპანია OPEN NET-ისგან თუმცა, ვერ შეძლო.