მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკის სამინისტრო მიმდევრის როლშია - ვისი ფუნქციაა კაპიტალის ბაზრის განვითარება

631b3a8586db8
შოთა ტყეშელაშვილი
09.09.22 19:00
634
საქართველოს საფონდო ბირჟის ყოფილმა ხელმძღვანელმა და ამჟამად უზბეკეთის რესპუბლიკის საფონდო ბირჟის დირექტორმა, გიორგი ფარესიშვილმა გადაცემა “რედაქტორის” ეთერში საქართველოში კაპიტალის ბაზრის გამოწვევების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, პრობლემას წარმოადგენს რეგულირების საკითხები, რადგანაც ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს კანონმდებლობით ეკისრება ბაზრის განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულება, ხოლო მეორეს მხრივ სებ-ი არის ბაზრის მარეგულირებელი.

გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, იმის მიუხედავად რომ კანონმდებლობა ეკონომიკის სამინისტროს ანიჭებს ბაზრის განვითარებაზე ზრუნვის ვალდებულებას, სამინისტრო ამ პროცესში შედარებით პასიურ პოზიციას იკავებს და ის უფრო მეტად სებ-ის “მიმდევრის” როლშია.

“გვაკლია რეგულაცია, რომელიც ხელს შეუწყობდა ორგანიზებული ბაზრის ამოქმედებას. არის ორი ტიპის ბაზარი - ორგანიზებული და არაორგანიზებული, ორგანიზებულ ბაზრად იგულისხმება როგორც წესი ბირჟები ან ბირჟის მსგავსი სავაჭრო პლატფორმები.

ორგანიზებულ ბაზარს ახასიათებს, რომ იქ არის დაწესებული თამაშის წესები და რეგულირებადია, შენ გამოწმებს ბირჟა, გამოწმებს რეგულატორი.

ეკონომიკის სამინისტროს დებულებაშია ჩანაწერი, რომ ის ზრუნავს ბირჟის განვითარებაზე. სებ-ის კანონში ეს არაა ნათქვამი.

ჩემი აზრით არასწორი მოლოდინებია ჩამოყალიბებული ეროვნული ბანკის როგორც მარეგულირებლის მიმართ, რატომღაც ყველას ჰგონია, რომ სებ-მა უნდა იზრუნოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე.

დღეს დე იურე ეს არის ეკონომიკის სამინისტროს ფუნქცია და ვისურვებდი, რომ რეალურადაც იყოს ასე. ლიდერის როლი ცალსახად არის ეკონომიკის სამინისტროს როლი.

დღეს ჩემი შეფასებით, ეკონომიკის სამინისტრო იმის მიუხედავად, რომ ჩართულია ამ პროცესში, უფრო არის მიმდევრის და არა წამყვანის როლში. ეს ჩემი, როგორც კერძო ექსპერტის აზრით, პრობლემაა იმიტომ რომ არასწორი მოლოდინებია გაჩენილი ეროვნული ბანკის მიმართ. კანონში სიტყვა არაა ნათქვამი, რომ სებ-მა ბაზრის განვითარებაზე უნდა იზრუნოს და ამას სებ-ს ვერ მოსთხოვ. სებ-ის ძირითადი სფეროა რეგულირება და ის თავისი მუშაობის სტილით არის რისკ ავერსული. მათი მთავარი ამოცანაა, რომ რაიმე ცუდი არ მოხდეს, ეს მიდგომა ძალიან კარგად მუშაობს საბანკო სექტორთან მიმართებით.