მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკურ ზრდაზე ასეთი ყიჟინა და აღტკინება ხალხს აღიზიანებს - ელისაშვილი

61a5ea753913a
ინგა მურუსიძე
30.11.21 13:25
954
სრულიად გაჩერებული რომ იყო ქვეყანა, იმის ფონზე, რომ რაღაცა გაფაჩუნდა და ეკონომიკური ზრდა არის, ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება ხალხს აღიზიანებს, - ამის შესახებ განცხადება „მოქალაქეების“ წევრმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ბატონ ღარიბაშვილზე მინდა ვთქვა - ბოლო დროს ძალიან დიდი აღტაცებით და ყიჟინით გვეუბნება, რომ არნახულად იზრდება ჩვენი ეკონომიკა, ისე რომ ევროპასაც კი ვაოცებთ. სრულიად გაჩერებული რომ იყო ქვეყანა, იმის ფონზე, რომ რაღაცა გაფაჩუნდა და ზრდა არის, ეს გასაგებია, მაგრამ ასეთი გადაჭარბებული ყიჟინა და აღტკინება ხალხს აღიზიანებს.

კეთილისმსურველები თუ ხართ ღარიბაშვილის, უთხარით, რომ ასე არ შეიძლება. განათლებაში შეიძლება რეფორმა გაატარო და შედეგი 10 წელიწადში მიიღო, მაგრამ ეკონომიკა ასე არ არის. პირდაპირ ჩვენს ჯიბეზე და მაცივრებზე ვგრძნობთ, რა დღეშიც არის ეკონომიკა. ჩრდილო კორეაში ხომ არ ვცხოვრობთ, რომ დავიჯეროთ ის, რაც მთავრობას უნდა? შეგვიძლია გადავამოწმოთ რა ხდება ევროპაში. მესმის, რომ ალბათ გულწრფელად უნდა გაიზარდოს ეკონომიკა ამ ქვეყანაში, მაგრამ ის არის პრემიერ-მინისტრი, არ შეიძლება ასე ბაქი-ბუქით ლაპარაკი, რადგან ხალხის გაღიზიანების გარდა არაფერს იწვევს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს საქსტატმა ოქტომბრის თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რომელიც ეკონომიკის 6.9%-იან ზრდას აჩვენებს. აღსანიშნავია, რომ გუშინ პრემიერმა ღარიბაშვილმა ოფიციალურ სტატისტიკას დაასწრო და  მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7%-მდე იქნებოდა. 

„ეს მართლაც უნიკალური, უპრეცედენტოდ მაღალი ზრდაა რეგიონში კი არა მთელ ევროპაში. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ სასიხარულო ამბავს”, - განაცხადა ღარიბაშვილმა.