მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეკონომიკური ზრდის პროგნოზის მთავარი რისკებია: გეოპოლიტიკა და კორონავირუსი - FITCH

621086881b26b
ინგა მურუსიძე
19.02.22 12:07
1079

გეოპოლიტიკა და ვირუსი მთავარი რისკებია, რომლებიც მოქმედებს ეკონომიკური ზრდის ჩვენს პროგნოზზე, - ასე პასუხობს FITCH-ის წარმომადგენელი, პოლგემბლი „ანალიტიკას“ წამყვანის, ელენე კვანჭილაშვილს კითხვას, თუ რა შეიძლება ჩაითვალის მთავარ რისკად საქართველოში BB-რეიტინგის პარალელურად.

„ჩვენი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს 5.5%-ით გაიზრდება, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ამ ზრდის უდიდესი წილი დამოკიდებული იქნება ტურიზმის აღდგენაზე. ეს არის სწორედ ერთი ის არხი, სადაც ვხედავთ უარყოფით გავლენას, თუკი რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი ომში გადაიზრდება. უფრო ფართოდ რომ შევხედოთ, ამ კონფლიქტს გადადინების ეფექტი ექნება როგორც ეკონომიკურ ზრდაზე, პოტენციურად ინვესტიციებზე, ასევე, გაზრდის ფინანსურ ხარჯებს.

განვითარებად ბაზრებზე ნაწილობრივ უკვე იგრძნობა ეს უარყოფითი გავლენები. ეს ყველაფერი ასახვას ჰპოვებს ლარზეც, რაც თავის მხრივ აისახება ინფლაციაზეც. კითხვის ნიშნები შეიძლება გაჩნდეს ენერგომიწოდებასთან დაკავშირებითაც. თუ რუსეთიდან ევროპისთვის ენერგომიწოდება შეწყდება ან შეფერხდება, ეს ისევ ინფლაციას გაზრდის. დღეს კი ინფლაცია საქართველოში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ეს უარყოფითი გავლენები ყველაზე მეტად განვითარებად ბაზრებს დააზარალებს“, - ამბობს პოლ გემბლი.

მისი შეფასებით, რეალურია თურქეთიდან მომდინარე რისკები და ვაქცინაციის ტემპიც საქართველოში, რომელიც საკმაოდ დაბალია.

„ყველაზე დიდი ასეთი ბაზარი თურქეთია, რომელიც ამავდროულად საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო-საინვესტიციო პარტნიორია. შესამჩნევი იყო, რომ ლირის მკვეთრი გაუფასურების მიუხედავად, ლარმა თავისი პოზიციები შეინარჩუნა, თუმცა მიგვაჩნია, რომ თურქეთიდან მომდინარე რისკები რეალურია, რადგან მან საკმაოდ არაორთოდოქსული ეკონომიკური მოდელი აირჩია - ჩვენ შევამცირეთ ამ ქვეყნის სუვერენული რეიტინგი გასულ კვირას - ამდენად ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოზე ძირითადად ტურიზმის, ინვესტიციების, ვაჭრობის არხების გავლით იქნება.

რაც შეეხება პანდემიას, ახალი შეზღუდვების დაწესების საჭიროებაზე იქნება დამოკიდებული როგორ იმუშავებს ტურიზმი და რამდენად უარყოფითი იქნება გავლენა ეკონომიკაზე. როცა ვუყურებთ ვაქცინაციის ტემპებს, ვხედავთ, რომ იგივე სუვერენული რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ტემპი უფრო დაბალია. ამდენად, გეოპოლიტიკა და ვირუსი დღეს მთავარი რისკებია, რომლებიც მოქმედებს ეკონომიკური ზრდის ჩვენს პროგნოზზე“, - აღნიშნა FITCH-ის წარმომადგენელმა.