მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელჩი - "ევროკავშირი ამაყობს საქართველოს გვერდში ყოფნით"

5eccd699eefbb
ინგა მურუსიძე
26.05.20 13:00
943
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც ის საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ავრცელებს.

“მინდა გულთბილად მივულოცო საქართველოს და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღე.

ამ დღეს ევროკავშირი საქართველოს გვერდზე ყოფნით ამაყობს, რადგან ჩვენ მისი დამოუკიდებლობის, სუვერენობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერები ვართ.

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ დაბადებას პირველი რესპუბლიკისა, რომელიც 100-ზე მეტი წლის წინ ევროპის ერებმა აღიარეს. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებლობა მოკლეხნიანი აღმოჩნდა, ქართველმა ხალხმა იმ სამი წლის განმავლობაში საოცარი ნაბიჯები გადადგა. მიზანდასახულმა და აქტიურმა პოლიტიკურმა კლასმა პროგრესული კონსტიტუცია მიიღო, რომელმაც, მრავალი თვალსაზრისით გაუსწრო დროს და დემოკრატიულ იდეალებსა და თანასწორობას ემყარებოდა. უზარმაზარმა საბჭოთა ძალამ ბოლო მოუღო მის არსებობას, თუმცა საქართველოს დამოუკიდებლობის იდეა შემდგომი 70 წლის განმავლობაშიც ცოცხლობდა.

საკუთარი ქვეყნის ისტორიის გახსენება და შეხსენება იმისა, რომ ხშირად, თავისუფლება საფასურის გადახდის სანაცვლოდ მოდის, ყველასთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ახალი თაობისთვის, რომელმაც არ იცის, თუ რას ნიშნავს, ცხოვრობდე არადამოუკიდებელ საქარველოში. წარსული მიღწევები დიდ ძალას აძლევს საქართველოს სახელმწიფოს კონსოლიდაციის და მოდერნიზების გზაზე, რომელსაც იგი ადგას და ევროპაში კუთვნილ ადგილს იბრუნებს.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობა საერთო ღირებულებებს ეფუძნება. სწორედ ასეთ მყარ საფუძველზე დგას ჩვენი მეგობრობა, რითაც საერთო გამოწვევებს ვუმკლავდებით. დღევანდელ რთულ დროს ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკვე გამოხატეს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა და აჩვენეს, თუ რას გულისხმობს ეს მეგობრობა.

კიდევ ერთხელ, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს“, - ნათქვამია მიმართვაში.