მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკის სექტორი აუქციონის მოლოდინშია - რა შენიშვნები აქვს ბიზნესს CFD მექანიზმთან?

63bec7fb94a44
თელარა გელანტია
12.01.23 20:00
1225
ენერგეტიკაში 5-წლიანი უძრაობის შემდეგ, ბიზნესი განახლებადი ენერგიების მხარდამჭერი ახალი მექანიზმის ე.წ. CFD სქემის ფარგლებში პირველი აუქციონის გამოცხადების მოლოდინშია. როგორც ცნობილია, PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ინვესტორები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები კი, შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

ენერგეტიკის დარგის ინვესტორებისთვის CFD სქემის ძირითადი პრინციპები მისაღებია და მოლოდინი აქვთ, რომ ახალი სქემის წყალობით, ენერგეტიკაში ინვესტიციები წახალისდება, თუმცა დარგში გარკვეული შენიშვნებიც აქვთ, რომელთაც თავი უკვე მოუყარა საქართველოს განახლებადი ენერგიების ასოციაციამ და როგორც BMG-ს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, უახლოეს მომავალში, ამ შენიშვნებს და რეკომენდაციებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაუგზავნიან.

გიორგი აბრამიშვილის აზრით, გამომდინარე იქიდან, რომ CFD სქემის თანახმად, მთავარი განმსაზღვრელი ფასია, არსებობს რისკი, რომ აუქციონში გამოუცდელმა კომპანიებმა არარელევანტური ფასით მიიღონ მონაწილეობა და შემდეგ ვალდებულება ვერ შეასრულონ.

„ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წუხილია ის, რომ დადგენილების მიხედვით, არაა მოთხოვნილი კვალიფიკაციის წინაპირობა. ეს კი, შეიძლება იყოს იმის წინაპირობა, რომ მთავრობას ახალმა კომპანიებმა არასწორი მოლოდინები გაუჩინონ, შესაბამისად, არაადეკვატური ფასით მიიღონ აუქციონში მონაწილეობა და შემდეგ ვალდებულება ვერ შეასრულონ. უამრავი ასეთი მემორანდუმი გაქვს, რომელიც გამოუცდელ კომპანიებთანაა გაფორმებული, მათ შორის PPA მექანიზმის ფარგლებში. ამდენად, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც ერთი მხრივ, ვცდილობთ, სტანდარტები გავაუმჯობესოთ, მეტი სოციალური პროექტი განვახორციელოთ, რაც შესაბამის რესურსს მოითხოვს და მეორე მხრივ, როდესაც ბაზარზე ფასები არის გაძვირებული როგორც სამშენებლო მასალებზე, ისე საწვავზე, გენერატორებზე და ა.შ. ჩვენი ღრმა რწმენით, აუქციონში მონაწილე კომპანიებისთვის გარკვეული გამოცდილების მოთხოვნის წინაპირობა უნდა არსებობდეს“, - აცხადებს გიორგი აბრამიშვილი.

„განახლებადი ენერგიების ასოციაციის“ კიდევ ერთი კომენტარი შეეხება დადგენილების იმ მუხლს, რომლის თანახმად, ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ კომპანიას, რომლის შემოთავაზებული ტარიფიც უფრო დაბალი იქნება.

„მაგალითად, თუ ორმა კონკურენტმა კომპანიამ ერთ საპროექტო არეალზე ანუ პირობითად, ერთ მდინარეზე ჰიდროელექტროსადგურის აშენების მიზნით, შემოიტანა განაცხადი, რომელთაგან ერთი სრულად ითვისებს მდინარის პოტენციალს, ხოლო მეორე მხოლოდ ნაწილობრივ, მაგრამ სამაგიეროდ დაბალი ფასი აქვს შემოთავაზებული, მთავრობის განკარგულების მიხედვით, უპირატესობა ყველაზე დაბალი ფასის მქონე კომპანიას მიენიჭება. ამდენად, შეიძლება, სახელმწიფო 15 წელი უფრო იაფ დენს მიიღებს, მაგრამ იმ მდინარის რესურსი ქვეყნისთვის სამუდამოდ დაიკარგება“, - განმარტა განახლებადი ენერგიების ასოციაციების ხელმძღვანელმა.

მესამე შენიშვნა, რომელიც CFD მექანიზმის შესახებ მთავრობის მიერ გამოქვეყნებულ დადგენილებასთან დაკავშირებით ენერგეტიკის სექტორში აქვთ, შეეხება დადგენილების მე-11 მუხლს, რომლის თანახმად, რაც უფრო დიდი იქნება სხვაობა აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მოცემულ ელექტროენერგიის საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის, მით მეტად შეუმცირდება კომპანიას ტარიფი. მაგალითად: იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით და ა.შ.

ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები აქვს კომპანია „უსასრულო ენერგიის“ დირექტორს თორნიკე ბახტურიძესაც.

„ენერგეტიკის მხარდამჭერი ახალი მექანიზმი იმედის მომცემია და, რა თქმა უნდა, სულ არაფერს ნამდვილად სჯობს; ფინანსურად ნამდვილად მიმზიდველად გამოიყურება. ახლა მნიშვნელოვანია, პირველი აუქციონი ჩატარდეს და თუ რაიმე ხარვეზი ან შეუსაბამობა არსებობს წესებში, ეს პრაქტიკაში გამოვლინდეს; იქამდე კი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ CFD მექანიზმის შესახებ გამოქვეყნებული მთავრობის განკარგულების თანახმად, არაკომფორტულია საჯარიმო სანქცია, რომელიც ჩადებულია წინარე კვლევასა და ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებს შორის სხვაობის შემთხვევაში. ეს ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, რადგან ასეთი აცდენა შეიძლება მოხდეს - ზუსტად ამიტომ ტარდება წინარე კვლევა და შემდეგ უკვე სიღრმისეული კვლევა, რომ დაზუსტდეს მონაცემები. ვერ ვხვდებით, ამ მუხლით რისი დაზღვევა სურს სახელმწიფოს. დიდი იმედი გვაქვს, კერძო სექტორის მხრიდან გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინება მოხდება“, - განაცხადა თორნიკე ბახტურიძემ.

ბიემჯის ინფორმაციით, CFD მექანიზმთან დაკავშირებით კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება და სავარაუდოდ, ამის შედეგ გაუგზავნის განახლებადი ენერგიების ასოციაცია ყველა შენიშვნას თუ რეკომენდაციას ეკონომიკის სამინისტროს. პარალელურად, ბიზნესი ელოდება პირველ აუქციონს, რომელიც მთავრობამ უნდა გამოაცხადოს. ამ სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები