მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგეტიკულ ბირჟაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო - ირინა მილორავა

5f5f87c33d1ec
სალომე მეცხვარიშვილი
14.09.20 19:40
1991
ენერგეტიკულ ბირჟაზე მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყო - ამის შესახებ ენერგეტიკული ბირჟის ხელმძღვანელმა ირინა მილორავამ განაცხადა.

ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში ამუშავდა და ამ ფორმატით ფუნქციონირებას 2021 წლის პირველ ივლისამდე გააგრძელებს. სატესტო რეჟიმში ამუშავებას კი ხელი შეუწყო რამდენიმე საკანონმდებლო აქტის დამტკიცებამ, ასევე თავად ბირჟისთვის ლიცენზიის მიცემამ.

ირინა მილორავას თქმით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ(სემეკ) აგვისტოში ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის წესები დაამტკიცა. ახალი რეგულაცია განსაზღვრავს თამაშის წესებს, როგორ უნდა ივაჭრონ კომპანიებმა ენერგეტიკულ ბირჟაზე დღით ადრე და ყოველდღიურად(ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა განხორციელდება მიწოდების წინა დღეს. ელექტროენერგიის შემთხვევაში ვაჭრობა იქნება საათობრივადაც).

“ივლისის ბოლოდან ჩატარდა რამდენიმე ტრენინგი, რომელიც ეხებოდა სხვადასხვა საკითხს, მათ შორის, როგორი ბაზრები გვექნება მომავალში, რა აუცილებელი უნარები სჭირდებათ მონაწილეებს და ა.შ.

დღეიდან ვიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას მონაწილეებთან სავაჭრო პორტფელების შექმნაზე, რადგან სატესტო პლატფორმა უკვე გამზადებულია და დღეიდან ვიწყებთ მათ რეგისტრაციას. იმედი მაქვს, ჩართულობა ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე. დაახლოებით 100-მდე ადამიანია რეგისტრირებული ყველა ტრენინგზე და სემინარზე”,- აცხადებს ირინა მილორავა.

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმის ნაწილია, რომელიც თავის თავში ბაზრის დერეგულაციას მოიცავს.

სწორედ ამ მიზნით პარლამენტმა გასული წლის ბოლოს “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონი დაამტკიცა. შესაბამისად, საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის პროცესი დაწყებულია. მაგრამ იმისთვის, რომ ბაზრის ლიბერალიზაცია და რეფორმა რეალურად დაიწყოს, 50-მდე კანონქვემდებარე საკანონმდებლო აქტია მისაღები. აღნიშნული დოკუმენტების მიღება ეტაპობრივად მოხდება.