მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება კომპლექსური ენერგორეფორმის ნაწილია" - თვალაბეიშვილი

5e3c3dc5f0077
BM.GE
06.02.20 21:42
1081
„ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება იმ კომპლექსური ენერგეტიკული რეფორმის ნაწილია, რომლის მთავარ მიზნებსაც ქვეყანაში ღია კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბება, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ასევე მომხმარებლისთვის ენერგორესურსების უსაფრთხო მიწოდება, ენერგოეფექტურობის ხელშეწყობა, განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარება და სხვა პრიორიტეტული მიმართულებები წარმოადგენს“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და რეფორმის სხვა დონორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის.

ცნობისთვის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის დამფუძნებლები არიან სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” და სს “სისტემის კომერციული ოპერატორი", 50-50 პროცენტიანი თანამონაწილეობით. მისი დაფუძნება მოხდა ენერგეტიკულ სექტორში მიმდინარე რეფორმების ფარგლებში.

ენერგეტიკული ბირჟის მთავარი ფუნქციაა: დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირება; ორმხრივი ხელშეკრულებების რეგისტრაცია, ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) ბაზრის ფორმირება, ოპერირება, ეტაპობრივი განვითარება და ორმხრივი ხელშეკრულებების (OTC) პლატფორმის ადმინისტრირება; ელექტროენერგეტიკული ბაზრის სხვადასხვა კომპონენტების (დღით ადრე, დღიური, საბალანსო ბაზრები და საბითუმო საჯარო მომსახურების სფერო) ფინანსური ანგარიშსწორების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება და ოპერირება; აგრეთვე ბაზრის მონაწილეების რეესტრის წარმოება.

ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება და მარეგულირებელი კომისიისთვის წარდგენა დასამტკიცებლად. ენერგეტიკულ ბირჟას კონსულტაციას უწევს და პროგრამულად უზრუნველყოფს ნორვეგიული საკონსულტაციო კომპანია “ნორდ პულ კონსალტინგი”.