ენერგოპროექტების შემსრულებელი კომპანია „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ასამოქმედებლად, რისკები, რომელიც არსებობს მაქსიმალურად გადაზღვეული უნდა იყოს. ლაშა იორდანიშვილი თვლის, რომ ამგვარად მოსახლეობის და ინვესტორების ინტერესები მაქსიმალურად დაცული იქნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს ენერგეტიკის ბაზრის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე საუბრისას განუცხადა.
იორდანიშვილი თვლის, რომ რისკებს შორის არის დღით ადრე ვაჭრობის კომპონენტი, როდესაც ბირჟაზე მეორე დღეს გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობები უნდა იყოს შეთავაზებული, რის პროგნოზირებაც ქარის და მზის სადგურების შემთხვევაში, რთულია. მეორე რისკფაქტორად კი დარგის წარმომადგენელს ელექტროენერგიის არაკეთილსინდისიერი იმპორტიორები მიაჩნია.
„ენერგეტიკაში დერეგულირება ყოველთვის მოგებიანია. კონკრეტული პირობებში მოღვაწეობა ყოველთვის უფრო გამჭვირვალობა ყოველთვის უფრო საღია და ხელშესახები და მოგებიანია. გამორიცხულია, რომ ამ სიტუაციით არ ისარგებლოს როგორც მომხმარებელმა, ასევე ინვესტორმა, თუმცა ამას ახლავს რაღაც სირთულეები ახლა. ამას ჰქვია დღით ადრე ვაჭრობა, რაც გულისხმობს მონაცემების მიწოდება თუ რა იქნება მეორე დღის გამომუშავება და ამაში ძალიან ფრთხილი უნდა იყო, რადგან თუ ვერ დაემთხვიე ამ მონაცემებს, მერე ჯარიმები იქნება. ძალიან ძნელია წინასწარ განსაზღვრა მაგალითად ქარის და მზის სადგურების შემთხვევაში თუ როგორი პროგნოზი გექნება შენ ხვალ და რას გამოიმუშავებ, ჰიდროსადგურების შემთხვევაში ეს შედარებით მარტივია, ასევე როგორ დავიცავთ არაკეთილმოსურნე იმპორტიორის მონაწილეობას... ამ დაზღვევის მექანიზმების შემდეგ ენერგეტიკული ბირჟა ალბათ გაიხსნება და ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით.
არაკეთილმოსურნე იმპორტიორების რისკების მაქსიმალურად დაზღვეული უნდა იყოს, რომ დაზღვეული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების და ინვესტორების ინტერესი“, - განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.