მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ენერგოკრიზისის დასაძლევად EU ბუნებრივი აირის მოხმარებას 15%-ით ამცირებს

62d7f5b99010c
გიორგი თოლორდავა
20.07.22 17:00
617
პოტენციური ენერგოკრიზისის დასაძლევად ევროკავშირმა საგანგებო გეგმა წარადგინა, რომელიც მომავალი წლის გაზაფხულამდე ევროკავშირის მიერ ბუნებრივი აირის საერთო მოხმარების 15%-ით შემცირებას ითვალისწინებს.

კომისიის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი რუსეთის ფედერაციიდან და კომპანია Gazprom-იდან მომავალი საფრთხეა, რომელმაც, შესაძლოა, ზამთრის პერიოდში ბუნებრივი აირი პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენოს და ევროპას გაზის მიწოდება მნიშვნელოვნად შეუზღუდოს, რაც, თავის მხრივ, რეგიონის მასშტაბით მწვავე ენერგეტიკულ კრიზისს გამოიწვევს.

გაზის მოხმარების შემცირებით ევროკავშირი სტრატეგიული რეზერვების შევსებას ცდილობს, რომელიც ზამთრის პერიოდში თავის დაზღვევის და დეფიციტის ანაზღაურების მიზნით იქნება გამოყენებული.

„რუსეთი ენერგორესურსებს შანტაჟის მიზნით პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირი მზად უნდა იყოს იმ სცენარის განვითარებისთვის, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთი მნიშვნელოვნად შეზღუდავს ან სულაც შეწყვეტს გაზის მიწოდებას“, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

კომისიის ვარაუდით, აგვისტოდან მარტამდე გაზის მოხმარების 15%-ით შემცირება ევროკავშირს 45 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპის მასშტაბით რუსულ ენერგორესურსებზე მოთხოვნა თითქმის 60%-ით შემცირდა, თუმცა რუსეთი მაინც რჩება ევროკავშირისთვის ბუნებრივი აირის უმსხვილეს მიმწოდებლად. საგულისხმოა, რომ ზოგიერთი წევრი სახელმწიფოს ინფრასტრუქტურა არ არის ადაპტირებული ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე, ასეთ ქვეყნებში კი რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია. ამ სახელმწიფოებს შორისაა: უნგრეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, იტალია, გერმანია, ავსტრია, რუმინეთი, სლოვენია, ხორვატია და პოლონეთი.