ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგური, რომელიც 20 იანვარს სრულად გაჩერდა, 1 მაისიდან ისევ ამუშავდება. როგორც bm.ge-ის ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიამ განუცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავება წლიურად, დაახლოებით, 80-100 მლნ კვტ.სთ-ით უნდა გაიზარდოს. სარემონტო სამუშაოები, 43 მლნ ევრო ჯდება, აქედან 7 მლნ ევროკომისიის გრანტია, ხოლო დანარჩენი - EBRD-ის მიერ გამოყოფილი სესხი.
ენგურჰესის ამუშავების მოახლოებასთან ერთად აქტუალური გახდა კითხვა - რა თამაშის წესებით გაგრძელდება თანამშრომლობა - საქმე ისაა, რომ 1990-იანი წლების შემდგომ, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს შორის შემდგარი პირობითი შეთანხმების თანახმად, საქართველოს უმსხვილესი ელექტროსადგურის - ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბოლო რამდენიმე წელია ეს პირობა დაირღვა და ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარდა, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებში იყო და ხშირად მეტიც; რეგიონში წლიდან წლამდე მზარდი ელექტრომოხმარება კი ადგილზე კრიპტოვალუტების უკონტროლო მაინინგს უკავშირდება.
BM.ge-ისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა აფხაზურ მხარესთან გარკვეულ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რათა ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ისევ 90-იან წლებში შეთანხმებული წესებით განაწილდეს. პირველ ეტაპზე მეტი დეტალის გაგებას ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონიასგან შევეცადეთ.
- ბატონო ლევან, გასაგებია, რომ სენსიტიური თემაა და მოლაპარაკებებიც არ არის მარტივი, მაგრამ თუ არის საუბარი იმაზე, რომ ენგურჰესის ამუშავების შემდეგ წარმოებული ელექტროენერგიის განაწილება 40%-60%-ზე ნიშნულს დაბრუნდეს?
- ამ თემაზე აფხაზ კოლეგებთან, პარტნიორებთან მსჯელობა გვაქვს. 4-5 დღის წინ ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, რათა ენგურჰესის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაეთვალიერებინათ და მაშინ რამდენიმეპუნქტიან გეგმაზე ვითათბირეთ თუ როგორ შეიძლება ამ კრიზისიდან გამოვიდეთ, რადგან ის მდგომარეობა, რომელიც ახლა აფხაზეთშია, საბოლოოდ, აფხაზეთსაც დატოვებს უშუქოდ და ენგურჰესსაც გაუჭირდება მუშაობა... არის, დაახლოებით, 4-პუნქტიანი გეგმა და იმედი მაქვს, ამას განახორციელებენ, უბრალოდ, სხვა გზა არ აქვთ. იქ ძალიან უხარისხო ელექტროენერგია მიეწოდებათ, რადგან ელექტროგადამცემი ხაზები გადატვირთულია და თუ ჩვენ 220 ვოლტი გვაქვს, გაგრაში ხანდახან 120-140 ვოლტზე ჩამოდის და სახლებში მაცივარსაც ვერ რთავენ... რთული ვითარებაა, მაგრამ აფხაზეთის ახლანდელი ხელმძღვანელობა საკითხს ძალიან სერიოზულად უდგება და ვფიქრობ, შედეგი ერთბაშად ვერ იქნება, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ.
- შეგიძლიათ ე.წ. 4-პუნქტიანი გეგმის მთავარი პუნქტები გაგვიმხილოთ?
- მთავარი მოსახლეობის გამრიცხველიანებაა, პირველ რიგში, სოხუმსა და გაგრაში... ასევე აფხაზეთში 2022 წლის მარტამდე გაახანგრძლივეს დადგენილების მოქმედება, რომლითაც კრიპტოვალუტის მაინინგი იკრძალება და ვინც დაარღვევს, ჯერ - დიდი ჯარიმა, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ეკისრება.
- აფხაზეთის ე.წ. მთავრობა გამრიცხველიანებაზე თანახმაა?
- ეს მათი გეგმაა; თვითონ გაგვაცნეს ეს გეგმა... მოგეხსენებათ, საქართველომ საკმაოდ დიდი გამოცდილება დააგროვა გამრიცხველიანებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების კუთხით; გახსოვთ რა მდგომარეობა იყო 20 წლის წინ... ამდენად, ამას ვუზიარებთ ერთმანეთს და მე მგონი, იქნება შედეგი.
- სხვა პუნქტები რას გულისხმობს?
- მთავარია მოსახლეობის გამრიცხველიანება და კრიპტოვალუტის მაინინგის კონტროლი. ეს საკმარისი არის იმისთვის, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდეს. მათი გათვლებით, პირველ ეტაპზე, დაახლოებით, 300-400 მლნ კილოვატ/საათით უნდა შემცირდეს ელექტროენერგიის მოხმარება და შემდგომ გაგრძელდეს, სანამ განაწილება 60%/40%-ზე არ ჩამოვა.
- ენგურჰესის წარმოებული ელექტროენერგიის 40/60 პროცენტზე განაწილების ნიშნულზე დაბრუნებას, დაახლოებით როდისთვის ვარაუდობთ?
- ამის თქმა გამიჭირდება, მაგრამ აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტენდეცია სექტემბერ-ოქტომბერში უკვე გამოჩნდება. ეს მარტივი საქმე არ არის. უკვე მაინინგის ბევრი ფერმა გამორთეს, მაგრამ ბევრმა დაშალა და სახლებში გადაანაწილა და როცა მოსახლეობა გამრიცხველიანებული არაა, ძნელია 10-15 კილოვატიანი კრიპტოვალუტის ფერმების აღმოჩენა.
- კრიპტოვალუტის მაინინგის კონტროლზე ფიქრი აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მაშინ დაიწყო, როცა ენგურჰესი გაჩერდა და ელექტროენერგიის ყიდვის საჭიროება დაუდგათ?
- ბოლო 2-3 წელია, თებერვალ-მარტ-აპრილში აფხაზეთი მუდმივად განიცდის ელექტროენერგიის დეფიციტს. ენგურჰესი რომც არ გაჩერებულიყო, ისედაც კრიტიკული მდგომარეობა იყო. რუსეთი, რა თქმა უნდა, ეხმარება და აძლევს ელექტროენერგიას, მაგრამ ის უფასო არ არის, საკმაოდ ძვირია, ამიტომ სხვა გამოსავალი არაა, ელექტრომოხმარება უნდა შეამცირონ.
- მოსახლეობის გამრიცხველიანების თემას რომ დავუბრუნდეთ, რაღაც კონკრეტული გეგმა არის - დავუშვათ, სოხუმში რა ვადაში უნდა დასრულდეს პროცესი და ა.შ?
- ამას მე ვერ გეტყვით. გამრიცხველიანება საკმაოდ ძვირად ღირებული ხარჯია. მარტო მრიცხველი ხომ არაა საჭირო?! - საჭიროა ელექტროსადენები, ბოძები, მონტაჟი, მართვა და ა.შ. კარგი მუშაობის პირობებში 1-2 წელში დასრულდება, თუმცა მთავარი დაფინანსებაა....
- ოკუპირებულ აფხაზეთს ამ ხარჯის გაწევა შეუძლია?
- არ ვიცი... არის საუბარი და შეიძლება სხვადასხვა ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარება გამოვიყენოთ... ვთქვათ, UNDP-ის… შეიძლება სხვა კომპანია შემოვიდეს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა.
- და შეიძლება, რომ საქართველოს მთავრობაც ჩაერთოს პროცესში და გაწიოს ხარჯები? ან რომც მოვინდომოთ, მოგვეცემა უფლება, რომ საქართველომ დონორების დახმარებით აფხაზეთის გამრიცხველინებაზე იზრუნოს?
- არ ვიცი, ვერ გეტყვით, მაგრამ რაც მეტი დეფიციტი გაჩნდება, მით მეტი შანსია მოლაპარაკების და ერთმანეთის მოსმენის, რადგან უშუქოდ ძნელია ცხოვრება...
- აფხაზეთის ე.წ. მთავრობაც ხვდება, რომ საქართველოს მხარდაჭერის გარეშე მოსახლეობის გამრიცხველიანება გაუჭირდება?
- ნუ გადავიყვანთ საუბარს პოლიტიკურ ჭრილში, მე ისეთ ადგილას ვმუშაობ... ისიც საკმარისია, რაც ვისაუბრე.